ერთი პატრონი ჰყავთ - კალაძე მელიას და „ლელოს“ პარტნიორობაზე

© political party "Georgian Dream"კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა სამშაბათს დაადასტურა.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ყოველთვის ერთი ფარის - „ნაციონალური მოძრაობის" ქვეშ იყვნენ გაერთიანებული", - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერი კახა კალაძემ ამ პოლიტიკოსების მომავალ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.
მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა სამშაბათს დაადასტურა. მანამდე მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე დაიწყებს მუშაობას. ამასთან, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.
„ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან და როგორ იქნება და ვინ სად გააგრძელებს მოღვაწეობას, ისინი არასდროს ყოფილან დაშორებული, ერთ გუნდს წარმოადგენდნენ და „ნაციონალური მოძრაობის” ფარქვეშ იყვნენ გაერთიანებული. დღეს შეიძლება დაშლილი არიან, თუმცა ამ ადამიანებს ერთი პატრონი ჰყავთ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით საიდან და როგორ იმართებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ისინი ამ ქვეყნის ინტერესებს არ ატარებენ, მათ სხვა ინტერესები აქვთ - არა ქვეყნის და არა სამშობლოსი. შესაბამისად, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს და 2024 წლის არჩევნებზე ყველას მიუჩენს შესაბამის ადგილს”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პარტია „ლელო“
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.
ყველა ახალი ამბავი
0