საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
დიდი ხანია, ხატების და სიწმინდეების მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს, აღნიშნეს საპატრიარქოში.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ხატების, სიწმინდეებისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია, თუმცა, საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი პროტესტის ჩარჩოებს და განერიდონ ნებისმიერ ძალადობას, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
ხატი, რომელიც სამებას რამდენიმე წლის წინ შესწირეს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა გიორგი კანდელაკმა 6 იანვარს, შობის ღამეს, მასზე გამოსახული სტალინის გამო აღშფოთება გამოხატა. რამდენიმე დღის შემდეგ ხატს საღებავები შეასხეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ შეურაცხყოფილმა წევრებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ამ შაბათს უფრო ფართო შეკრება დააანონსეს. ხუთშაბათს საპატრიარქომ ამ თემაზე პირველი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სტალინი არ უნდა იყოს გამოსახული წმინდა მატრონას მოსკოველის ხატზე.
„ხატების, სიწმინდეების და, ზოგადად, ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. დაუშვებელია მკრეხელობა და არაჯანსაღი გამოხატვის ფორმები მათ მიმართ და ამგვარი ქმედებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად სახელდება. თუმცა, ამავდროულად, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ხატებისა და წმინდანების მიმართ მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი კამპანია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ახლა ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს, განაცხადეს საპატრიარქოში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე პროცესებმა მორწმუნეებს შორის, ბუნებრივია, მღელვარება გამოიწვია. საპატრიარქოში იმედი გამოთქვეს, რომ მათი განცხადებები „სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს“.
საპატრიარქო: მივმართავთ შემომწირველთ, შეიტანონ ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ>>
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთებს რატომღაც უნდათ, რომ საპატრიარქოს 11 იანვრის განცხადება მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურს მიაწერონ და „თავიანთი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია და ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების წახალისება“.
„ადრეც განგვიმარტავს და ახლაც ვიტყვით, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის ოფიციალური და ყოველთვის, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქთანაც შეთანხმებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
ანდრია ჯაღმაიძე: ქართული ეკლესია დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია>>
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
ინაშვილი: საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ >>
სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამასობაში, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
აღუწერელი და აუხსნელია - ანრი ოხანაშვილი ხატთან დაკავშირებულ ინციდენტზე >>
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ყველა ახალი ამბავი
0