კობახიძემ გახარია გასული წლების ყველა მასშტაბურ პრობლემაში დაადანაშაულა
© party "Georgian Dream"ირაკლი კობახიძე
© party "Georgian Dream"
გამოწერა
„ქართული ოცნების“ ლიდერმა გაიხსენა სპეცოპერაცია ღამის კლუბ „ბასიანში“, საპროტესტო აქციის დარბევა და ბევრი სხვა მოვლენა.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ექს–პრემიერს, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს პოლიციის დისკრედიტაციაში, ხოლო პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ – „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციის შექმნაში დასდო ბრალი.
ასეთი რეაგირება მოჰყვა კობახიძის მხრიდან გახარიას მოწოდებას, დებატები გამართოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან. გახარიამ ივანიშვილი დებატებში მას შემდეგ გამოიწვია, რაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების პირველივე დღეს, 2023 წლის 30 დეკემბერს მას კიდევ ერთხელ ღალატში დასდო ბრალი.
„გიორგი გახარიას განცხადების აბსურდულობის მთავარი მიზეზი ის არაა, რომ 2-პროცენტიანი პარტიის კომპრომეტირებული და ხელმოცარული თავმჯდომარე ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანს თავხედურად დებატებში იწვევს. აბსურდულობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქმეში ჩახედულ კაცს გიორგი გახარიასთან კითხვაც კი არ აქვს არცერთ თემაზე დასასმელი“, – დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.
მან გახარია ძალოვნების სისტემატურ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რაც, კობახიძის თქმით, სახელმწიფოს დასუსტების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია.
კობახიძემ გახარიას რამდენიმე გადაწყვეტილება მოიყვანა მაგალითად, რომლებსაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
სპეცოპერაცია ღამის კლუბებში
მისი თქმით, არანაირი კითხვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიჭრა თვითნებურად გახარია „ბასიანში“.
საუბარია 2018 წლის 12 მაისის სპეცოპერაციაზე ღამის კლუბებში, მათ შორის, ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ „ბასიანში“ და პროტესტის ტალღაზე, რომელიც ამას მოჰყვა. მაშინ გახარიამ სპეცოპერაცია იმით ახსნა, რომ გაშირდა ღამის კლუბების სტუმრების მოწამვლის შემთხვევები და რომ არის უტყუარი ინფორმაცია კლუბებში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტების შესახებ. პროტესტი მას შემდეგ დასრულდა, რაც გახარია საპროტესტო აქციაზე პირადად გამოვიდა და ბოდიში მოიხადა.
„რატომ შეუქმნეს მას სრული კომფორტი აქციის ევრონაცმა („ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო") და „ენჯეოშნიკმა“ ორგანიზატორებმა, როდესაც მან თავისივე დარბეულ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა და რატომ არ დაუშინეს მას ბოთლები მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით?“ – დაწერა კობახიძემ.
მისი თქმით, გახარია იტყუებოდა, როდესაც სპეცრაზმი „ბასიანში“ შევარდა, რომ აქვთ ნარკოტიკების მოხმარების ვიდეომტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი, აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, გახარიამ ასევე შექმნა „სრულიად ხელოვნურად ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირების პირველი პრეცედენტი“, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
პანკისის ხეობა ჰესის წინააღმდეგ
„ქართული ოცნების“ ლიდერმა 2019 წლის 21 აპრილის მოვლენებიც გაიხსენა პანკსის ხეობაში. მაშინ ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ჰესის დაგეგმილი მშენებლობის გამო დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ჯოხებსა და ქვებს ესროდნენ, ხოლო პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. შედეგად დაშავდა 15 პოლიციელი და აქციის 12 მონაწილე.
ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ჰესის მშენებლობის შეჩერება გადაწყდა მანამ, სანამ ადგილობრივი მოსახლეობის 90% არ დაუჭერდა მას მხარს.
კობახიძის თქმით, არანაირი კიტხვა არ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ „რატომ აქცია მძიმე შეურაცხყოფის ობიექტად პოლიციელები პანკისის ხეობაში“.
ანტირუსული აქცია
კობახიძეს უყურადღებოდ არ დაუტოვებია საქართველოს პარლამენტთან 2019 წლის 21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევა.
20 ივნისის აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში ღამის 22:00 საათისთვის გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას შეეცადნენ. ისინი პოლიციელებს ართმევდნენ ფარებს, ესროდნენ ჯოხებსა და ქვებს. პოლიცუამ ორი საათის შემდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამით დაშავდა 240 ადამიან, მათ შორის, 80 პოლიციელი. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.
„ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით – რატომ დააყენა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის წინ და არა ჭიშკრის უკან და შესაბამისად, რატომ აქცია ისინი აგრესორების პირდაპირ სამიზნედ; რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და რატომ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება“, – დაწერა კობახიძემ.
საპროტესტო ტალღა რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოჩენას მოჰყვა. ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, ხოლო ხელისუფლებამ პროტოლოლურ შეცდომაზე განაცხადა.
კობახიძე 21 ივნისს, დღისით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, გახარია კი ამ მოვლენებიდან ორნახევარი თვის შემდეგ, 2019 წლის 9 სექტემბერს და მთავრობას ჩაუდგა სათავეში.
მელიას დაკავება – განხეთქილების ვაშლი
კობახიძემ ასევე გაიხსენა გახარიას ისტორია ნიკა მელიასთან დაკავშირებით, რომელიც მაშინ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე იყო.
გახარიამ პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2021 წლის 18 თებერვალს განაცხადა, ანუ მელიას გამოძიების პერიოოდში დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს. გახარია, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა იმ ეტაპზე მელიას დაკავებას. გადადგომის მიზეზად მან ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების სურვილი დაასახელა.
„ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ ითხოვდა აგრესიულად პარლამენტარებისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, რატომ ჰპირდებოდა მათ მის დაკავებას და შემდეგ ურცხვად რატომ თქვა უარი დაკავებაზე; რატომ ითხოვდა სპეცოპერაციის ორი დღით გადავადებას, როდესაც დაგვიანება სპეცოპერაციას მხოლოდ გაართულებდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც“, – დაწერა კობახიძემ.
მისი თქმით, პარტიას არა აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ამტკიცებდა გახარია, რომ სპეცოპერაციას სისხლისღვრა მოჰყვება „როდესაც ვახტანგ გომელაურმა ეს ოპერაცია ერთ კვირაში ყოველგვარი სისხლისა და თმის ღერის ჩამოვარდნის გარეშე ჩაატარა“, – აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება მელიას, მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა წაუყენეს 2019 წლის 20–21 ივნისის აქციების დროს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელიამ და მისმა მომხრეებმა განაცხადეს, რომ ამას არ დაემორჩილებოდნენ. მელიას მხარი თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა და მათ გაერთიანების შესახებ გამოაცხადეს.
პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი 2019 წლის 26 ივნისს ჩამოართვა, ხოლო სასამართლომ 27 ივნისს მას 30 ათასი ლარის გირაოს გადახდა დაავალდებულა, ასევე აუკრძალა სახლიდან გასვლა და საჯარო განცხადებებით გამოსვლა.
2020 წლის 1–ელ ნოემბერს მელიამ სასამართლოს მოთხოვნა დაარღვია – მივიდა საპროტესტო აქციაზე და დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. შედეგად, იმავე წლის 3 ნოემბერს სასამართლომ აღკვეთის ზომა გაამკაცრა – გირაოს თანხა 70 ათას ლარამდე გაზარდა. მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ჩათვალა და თანხის შეტანაზე უარი თქვა. ამ მიზეზით 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლომ მელიას გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.
მელიას დაკავება იმავე დღეს იყო დაგეგმილი. „ნაცმოძრაობის“ ოფისთან ჯერ კიდევ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პოლიცია იყო მობილიზებული. პარტიის ლიდერის დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან პოლიციას ხელი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და მომხრეებმა შეუშალეს. გახარიას გადადგომის შესახებ განცხადების შემდეგ 18 თებერვალს მელიას დაკავების ოპერაციის გადადება გადაწყდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, 2021 წლის 23 თებერვალს მელია მაინც დააკავეს. წინააღმდეგობის მიუხედავად, შსს–ს ძალები „ნაცმოძრაობის“ ოფისში მაინც შევიდნენ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, აშშ–ის საელჩომ, ევროდეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოუსმინა დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს, რომ საჭიროა თავშეკავება და დიალოგი ოპონენტებთან.
გახარია ოპოზიციაში
კობახიძემ ასევე გაიხსენა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, როდესაც გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ კი მიიღო ხმების მცირე რაოდენობა, მაგრამ რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარედ თავისი წარმომადგენლების დანიშვნას მიაღწია.
ამ რაიონებში უმრავლესობა არ აღმოაჩნდა არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა თავისი წარმომადგენელი დაენიშნა ერთპიროვნულად. მათი კანდიდატების მხარდაჭერაზე გახარიამ უარი თქვა და შედეგად, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან თავისი კანდიდატების მხარდაჭერას მიაღწია. არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდა.
„ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ შექმნა ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ და რატომ ჩაჰყვა ნაციონალებს პოლიტიკურ სამარეში, როდესაც პრემიერ-მინისტრობის დროს საზოგადოებას მათ დამთავრებას ჰპირდებოდა“, – დაწერა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გახარიას მოღალატე უწოდა.
„არცერთი ეს ფაქტი არავითარ კითხვა-პასუხს არ საჭიროებს. ის, რომ გიორგი გახარია მოღალატეა, არა თეორემა, არამედ აქსიომური ჭეშმარიტებაა. მადლობა ღმერთს, დღეს საქართველო ბევრად უფრო დამოუკიდებელი და სუვერენულია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ასეთი ადამიანები მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს აღარ იკავებენ“, – დაწერა კობახიძემ.
მან გახარიას ურჩია, არ ჰქონდეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დებატების იმედი.