ზამთარი ვირუსების გარეშე არ არსებობს - პაატა იმნაძე ეპიდვითარებას აფასებს

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2024
გამოწერა
თუ ადამიანი ავად არის, უნდა დარჩეს სახლში, ავადმყოფი ბავშვი მშობელმა არ უნდა გაუშვას სკოლაში ან საბავშვო ბაღში, განაცხადა ექიმმა.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ვირუსების გარეშე ზამთარი არ არსებობს, შესაბამისად, ამ ეტაპზე საქართველოში რესპირატორული დაავადებების ჩვეულებრივი სეზონია, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველმა ექიმებმა კლინიკებში პაციენტების ვიზიტების მკვეთრ ზრდაზე დაიწყეს საუბარი. მათი თქმით, საავადმყოფოები გადატვირთულია, განსაკუთრებით ბავშვთა განყოფილებები.
„ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია, კორონავირუსმა ყველას დაავიწყა გრიპი, რადგან იმ პერიოდში ნიღბების ტარება ვირუსების გავრცელებას ხელს უშლიდა, ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია“, - განაცხადა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ჭარბობდა კორონავირუსი და, შესაბამისად, ჩვეულებრივი ზამთრის ვირუსები ნაკლებად ცირკულირებდა. ახლა კი სეზონური ვირუსები ნელ-ნელა თავის ჩვეულ სეზონურ მიმდინარეობას უბრუნდებიან, აღნიშნა საქართველოს ერთ-ერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა.
ამ დროისთვის ძირითადად ცირკულირებს А ტიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გამოიწვია გრიპის პანდემია და იქცა ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად. იმნაძის თქმით, ასევე უფრო იშვიათად ცირკულირებს H3N2. ისიც 1970 წელს პანდემიური ვირუსი იყო.
„რა თქმა უნდა, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც შეიძლება, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს. ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. იქ ემატებოდა კორონა. ახლა კორონას შემთხვევები ჯერჯერობით ცოტაა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
სპეციალისტები საქართველოში რესპირატორული დაავადებების მატებას ვარაუდობენ >>
იმნაძის განმარტებით, ის ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ შეიძლება გაცივდეს. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში დაახლოებით 200 ვირუსს ხვდება.
„ნიღაბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვინც ავად არის, ატაროს, რათა არ გაავრცელოს ვირუსი. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.
„დღეს რომ ვაქცინა გაიკეთო და ხვალ გრიპი დაგემართოს, ვაქცინის ბრალი არ იქნება, რადგან მან ვერ მოასწრო მუშაობა“, - აღნიშნა იმნაძემ.
მისი თქმით, აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანების, მოხუცების, ორსულების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე, დიაბეტის, სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირთათვის და პატარა ბავშვებისთვის.
მისივე თქმით, ვირუსების პიკური პერიოდი საქართველოში დგება დეკემბრის ბოლოს და თებერვლის მეორე ნახევრამდე გრძელდება.
„ახლა ისეთი არაფერია, რაც არ იყო შარშან. პიკური პერიოდი, შესაძლოა, კიდევ იყოს, როდესაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყება“, - აღნიშნა იმნაძემ.
მისი თქმით, 39 გრადუსამდე ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. ვირუსის დროს საერთოდ არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა. არცერთი ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსულ დაავადებებზე. ანტივირუსულია, მაგალითად, „ტამიფლუ“, რომელიც საკმაოდ ეფექტური პრეპარატია, განმარტა იმნაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს >>
ზრდასრულმა ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს, თუ 3 დღე მაინც აქვს მაღალი ტემპერატურა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, აღნიშნა იმნაძემ.
საქართველოში ძირითადად გვხვდება H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე. მთავარი რეკომენდაციები დაავადების დროს არის სხეულის ტემპერატურის კონტროლი, ბევრი სითხის მიღება და გართულების დროს ექიმთან ვიზიტი.
ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.
ყველა ახალი ამბავი
0