სპეციალისტები საქართველოში რესპირატორული დაავადებების მატებას ვარაუდობენ

© Pexels / Andrea Piacquadioსურდო
სურდო - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
სპეციალისტი მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დაავადების პიკი ჯერ არ დამდგარა.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოში რესპირატორული დაავადებების რაოდენობა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ გაიზრდება, განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.
საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება. ამჟამად არდადეგებია, რომელიც 29 დეკემბერს დაიწყო.
„სასწავლო პროცესი როცა განახლდება, მეტი შემთხვევა და მომართვიანობა იქნება. პიკი, შემთხვევების მატება იქნება სადღაც იანვრის ბოლოსკენ", - განაცხადა ჩხაიძენ.
ამჟამად პაციენტების უმეტესობა კლინიკებს რესპირატორული ინფექციებით მიმართავს, განაცხადა ჩხაიძემ. მისი თქმით, არის კორონავირუსის შემთხვევებიც. კლინიკაში ორ თვემდე ასაკის ორი ჩვილი კორონავირუსზე მკურნალობს, აღნიშნა სპეციალისტმა.
ყველაზე მეტად გავრცელებულია А ტიპის ვირუსი (H1N1, ე.წ. ღორის გრიპი). ყოველდღე კლინიკას დაახლოებით 40 პაციენტი მიმართავს.
„გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონქიოლიტის დიაგნოზით", - განაცხადა ჩხაიძემ.
არის ასევე ადენოვირუსული ინფექციების შემთხვევები და ძალიან ხშირია ბინაზე განვითარებული პნევმონია, რომელიც არის გრიპის ერთ-ერთი გართულება. ამ ეტაპზე რესპირატორული ინფექციების და პნევმონიის გამო კლინიკაში 45 პაციენტამდე იმყოფება.
ერთადერთი ხერხი გრიპისგან თავის დასაცავად - ჩხაიძის რეკომენდაცია>>
ჩხაიძემ ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„ნამდვილად გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი, ბავშვთა ხაზით, ყოველ შემთხვევაში. მშობლებს ვთხოვდით, რომ ვინც არ ჩაიტარა გრიპის ვაქცინაცია, არ არის გვიან, რადგან პიკი არ არის ჯერ", - განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში ძირითადად გვხვდება H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე.
ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.
ყველა ახალი ამბავი
0