საქართველოს სამ რეგიონში ნაძვების უკანონოდ მოჭრის ფაქტები გამოავლინეს

© Sputnik / Alex Shlamovგასაყიდი ნაძვები
გასაყიდი ნაძვები - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა.
თბილისი, 20დეკემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და შიდა ქართლში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში, მოქალაქემ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხის ტოტები; ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარის მიმდებარედ, მოქალაქე 15 ერთეული ნაძვის სახეობის ხე-მცენარის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ვერც ხეტყის წარმოშობის შესაბამისი დოკუმენტი წარმოადგინა.
დეპარტამენტის აჭარისა და გურიის, ასევე შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეები და ტოტები დალუქეს.
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე-რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება>>
კანონდარღვევებთან დაკავშირებული მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გაამკაცრა.
„განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ რეგიონებს, სადაც წიწვოვანი ტყეებია. ასევე პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება რეალიზაციის ადგილები - მაგალითად, სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაშ.
წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს 500-დან 2000-ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.
საქართველოში საახალწლოდ ბუნებრივ ნაძვის ხეებს სულ უფრო ნაკლებად იყენებენ>>
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეები მოიპოვონ მხოლოდ სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ან შეიძინონ იმპორტირებული ნაძვისხეები.
კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153, რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
ყველა ახალი ამბავი
0