ეროვნული მნიშვნელობის ჰიდროსადგური – პრემიერი „ხუდონჰესის“ შესახებ

© photo: Sputnik / Andrei Solomonov / გადასვლა მედიაბანკშიСтроительство водоотводного тоннеля Худони ГЭС - шестой по счету гидроэлектростанции на реке Ингури
Строительство водоотводного тоннеля Худони ГЭС - шестой по счету гидроэлектростанции на реке Ингури - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
გამოწერა
„ხუდონჰესი“ საქართველოს ენერგოსექტორისთვის, „ენგურჰესის“ შემდეგ, ერთ–ერთი სამაგალითო და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო სვანეთში, მდინარე ენგურზე ეროვნული მნიშვნელობის ჰიდროსადგურის აშენებას აპირებს სოფლების დატბორვისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.
ხელისუფლების განცხადებით, „ხუდონჰესის“ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს საქართველოს ელექტროსისტემისთვის, მათ შორის, „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტურობის გაზრდისთვის. ხუდონჰესის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1,1 მილიარდ დოლარზე მეტია, გულისხმობს მდინარე ენგურზე 702 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.
„მოგეხსენებათ, ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა გასხვისებული „ხუდონჰესის“ პროექტი. ჩვენ მოვახდინეთ ამ პროექტის გამოსყიდვა, გახდა სახელმწიფოსი და სახელმწიფოს აქვს განზრახული, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა ამ დიდი ეროვნული მნიშვნელობის ჰესის. პროექტი იქნება შეცვლილი სახით ისე, რომ აღარ დაიტბორება არც ტაძარი, არც სოფელი და ასე ვთქვათ, მინიმალური ეფექტი ექნება ამას გარემოზე და ზოგადად რეგიონზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის აზრით, „ხუდონჰესი“, პირიქით, იქნება ერთ-ერთი სანიმუშო და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი „ენგურჰესის“ შემდეგ ქვეყნის ენერგეტიკის დარგისთვის.
„ხუდონჰესის“ მშენებლობა 80-იან წლებში დაიწყო, მაგრამ შემდეგ მშენებლობა მალევე შეჩერდა. მისი მშენებლობის პროცესი სხვადასხვა დროს დიდ პროტესტს იწვევდა ადგილობრივ მოსახლეობაში; მათ არ უნდოდათ სახლების, ეკლესიისა და წინაპრების საფლავების დათმობა, რადგან ხუდონის პროექტი ითვალისწინებდა სოფელ ხაიშის დატბორვას და მოსახლეობას, მშენებლობის შემთხვევაში, გადასახლება ემუქრებოდა. „ხუდონჰესის“ მშენებლობაზე თავის დროზე დახარჯული იყო 150 მლნ აშშ დოლარი.
„ხუდონჰესი“ აშენდება ეკლესიისა და საფლავების დატბორვის გარეშე - პრემიერი>>
2011 წლის აპრილში საქართველოს მთავრობასა და კომპანია Trans Electrica-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც ზამთარში გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებისა და სხვა სეზონებზე ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტის პირობები იყო განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, გაუგებარი მიზეზებით, კომპანიამ პროექტის რეალიზაცია ვერ შეძლო.
2022 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვა გადაწყვიტა და აქტიურად შეუდგება პროექტის რეალიზაციას.
ენერგეტიკის განვითარება
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
პრემიერმა აღნიშნა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
„ჩატარდა პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმული სიმძლავრის; გამარჯვებული 27 კომპანია არის გამოვლენილი, ჯამური გამომუშავება შედეგად იქნება 1.100 მლრდ კვტ/სთ და მხოლოდ ამ 300 მგვტ-ში 400 მლნ დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პირველ აუქციონზე გაიმარჯვა 27-მა კომპანიამ, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს ახორციელებენ.
27 ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება დაახლოებით 1.1407 მლრდ კვტ/სთ ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად.
განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
იმპორტჩანაცვლება პრიორიტეტულია – მინისტრის მოადგილე ელექტროენერგიის მოხმარებაზე>>
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს, ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
რამდენით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 2022 წელს>>
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 10,8 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 3,4 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 87,49 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0