რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან და ევროკავშირთან – პრემიერი

© courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამხრეთ კორეასთან და ისრაელთან, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველო რეგიონში ერთადერი ქვეყანაა, რომელსაც აქვს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ როგორც ევროპასთან, ისე ჩინეთთან, რაც უნიკალური შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა. შეთანხმების მიხედვით, ქარული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადებისგან თავისუფლდება. დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
„საქართველო რეგიონში დღეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ჩინეთთან ამავდროულად. ეს, რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ბიზნესისთვის, რომ მათ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია საზღვარგარეთ და ჩვენ ბაზრების დივერსიფიკაციას მაქსიმალურად ვახდენთ და ვეხმარებით ჩვენს ბიზნესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის 2023 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას.
პრემიერის თქმით, საქართველოს 2012 წელს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ–ის ქვეყნებთან და თურქეთთან. დღეს კი საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან, ხოლო ბაზრების მოცუილობა 6,5–ჯერ არის გაზრდილი.
2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
საქართველოს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ–კონგთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ–ის ქვეყნებთან, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან, სადაც ოთხი ქვეყანა შედის. გარდა ამისა, ქვეყანა ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამხრეთ კორეასთან, აშშ–თან და აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას ისრაელთან.
„ჩინეთთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობა, ბრიტანეთთან. შედეგად ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის; ესაა მსოფლიოს 2,3-მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი. ასევე ჩვენ წელს გავაფორმეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ესეც დამატებით 10–მილიონიანი ბაზარი დაემატება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.
ამას გარდა, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიმდინარეობს კორეასთან და ისრაელთან.
ყველა ახალი ამბავი
0