რატომ აეკრძალება იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება - ირაკლი კობახიძის განმარტება

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიას დეოლიგარქიზაციის გეგმა უკვე გაუგზავნა და მის შეფასებას ელოდება
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის მოთხოვნაა, ამიტომ შესაბამისი კანონპროექტი მიიღება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კანონპროექტმა, რომლის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალოთ, მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ უკვე ინიცირებულია. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებების მიზანი პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების საკითხის ახლებურად დარეგულირებაა, რის შედეგადაც იურიდიული პირები პარტიებისთვის თანხის შეწირვას ვეღარ შეძლებენ.
„იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში და კანონპროექტი მიიღება“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ", სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიას დეოლიგარქიზაციის გეგმა უკვე გაუგზავნა და მის შეფასებას ელოდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დეოლიგარქიზაციის ახალი მიდგომის განსახორციელებლად არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება ევროკავშირის ერთ-ერთი ახალი მოთხოვნაა საქართველოსთვის.
ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას თავისი მუშაობის პრინციპი განუმარტა >>
კობახიძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს საკითხით სპეკულირებას, რაც არაჯანსაღი პროცესია.
„არის კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც სრულდება, ეს არის და ეს. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული კანონპროექტი ქვეყანაში ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, კეზერაშვილი დარჩება კეზერაშვილად, ხაზარაძე – ხაზარაძედ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც წარმოგვიდგინა ვენეციის კომისიამ და რომელიც უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებენ. ის პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მართვის პროცესში ივანიშვილის ჩარევას კატეგორიულად უარყოფს.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია. კეზერაშვილს ასევე „ნაცმოძრაობის“ მთავარ დამფინანსებელს უწოდებენ.
რა იცვლება
მოქმედი კანონის მიხედვით, შემოწირულობად ითვლება პარტიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის პარტნიორები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.
ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კამპანიის/რეფერენდუმის დროს იურიდიული პირის მიერ შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე გადარიცხული თანხები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური კეთილდღეობა და მომსახურება აღარ ჩაითვლება საარჩევნო შემოწირულობად.
იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ - რა იწვევს ოპოზიციის უკმაყოფილებას >>
„შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირების მიერ ვეღარ დაფინანსდებიან, ასევე შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც თავის მხრივ, პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას უზრუნველყოფს და ქმნის სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,05%-დან 0,04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
მმართველი პარტია მიესალმება პოლიტიკოსების დაფინანსების შემოწმების ინიციატივას >>
ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემოწირულობის გამცემი ფიზიკური პირის, ასევე იურიდიული პირის ფინანსების შესახებ, რომელიც აკრძალულ შემოწირულობას ახორციელებს.
კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესდება ჯარიმა აკრძალული შემოწირულობის ორმაგი ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0