იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ - რა იწვევს ოპოზიციის უკმაყოფილებას

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა, რომლის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალოთ, ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"კანონპროექტში ცვლილებების მიზანი პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების საკითხის ახლებურად დარეგულირებაა, რის შედეგადაც იურიდიული პირები პარტიებისთვის თანხის შეწირვას ვეღარ შეძლებენ.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ", სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.
„ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს და კანონში ის ცვლილებები შეგვაქვს, რომლებიც ახლა, ამ რეალობაში რეკომენდებულია ჩვენი პარტნიორების მიერ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა დავით მათიკაშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებენ. ის პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მართვის პროცესში ივანიშვილის ჩარევას კატეგორიულად უარყოფს.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ახალი კანონი გახდება ოპოზიციისთვის ერთგვარი გამოცდა და იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად მზად არიან ოპონენტები იმუშაონ ევროკომისიის ცხრა ახალი პირობის შესასრულებლად.
„ეს საკითხი არის ტესტი იმისა, თუ რამდენად სერიოზულად ფიქრობს ოპოზიცია ჩაერთოს ცხრა რეკომენდაციის განხორციელებაში. სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება ეს ცვლილებები. ამიტომაც მათ აქვთ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ აჩვენონ საზოგადოებას, ისევე როგორც ევროკავშირს, მზად არიან თუ არა მოიქცნენ როგორც ზრდასრული ადამიანები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის არგუმენტები
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ კანონთან მიმართებით პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების გაღება ეკრძალებათ, არამედ იმაში, რომ არ არსებობს ისეთი მექანიზმი, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რამდენ შემოწირულობას იღებს თავად მმართველი პარტია.
„როდესაც ვენეციის კომისია საუბრობს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობაზე, პირველ რიგში საუბრობს მმართველი პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობაზე... როგორც ვიცით, მმართველი პარტიისთვის შემოწირულობები იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურად არის ჩანს“, - განაცხადა წითლიძემ.
თავის მხრივ, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე თვლის, რომ ინიცირებული ცვლილებები „შავი ფულის“ პრობლემას ვერ გადაჭრის.
„პრობლემა არის „შავი ფული", რომელიც ტრიალებს სხვადასხვა პარტიებში არჩევნების დროს. ეს არის პრობლემა და სამწუხაროდ, ეს ცვლილებები ამას ვერ გადაჭრის", - განაცხადა სამნიძემ.
პანონში ცვლილებების მხარდაჭერას არ გეგმავენ ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრები.
„მსგავს კანონპროექტებს, რომლებიც არის ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, საქართველოს პარლამენტში „ლელოს" მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა პარტიის გენმდივანმა ირაკლი კუპრაძემ.
რა იცვლება
მოქმედი კანონის მიხედვით, შემოწირულობად ითვლება პარტიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის პარტნიორები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.
ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კამპანიის/რეფერენდუმის დროს იურიდიული პირის მიერ შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე გადარიცხული თანხები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური კეთილდღეობა და მომსახურება აღარ ჩაითვლება საარჩევნო შემოწირულობად.
„შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირების მიერ ვეღარ დაფინანსდებიან, ასევე შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც თავის მხრივ, პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას უზრუნველყოფს და ქმნის სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,05%-დან 0,04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემოწირულობის გამცემი ფიზიკური პირის, ასევე იურიდიული პირის ფინანსების შესახებ, რომელიც აკრძალულ შემოწირულობას ახორციელებს.
კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესდება ჯარიმა აკრძალული შემოწირულობის ორმაგი ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0