საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქებთან ბრძოლის გეგმა შეადგინა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
გამოწერა
დეოლიგარქიზაცია - ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საქართველოში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა“, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ფარგლებში ევროკომისიის პირობების შესრულების ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიას უკვე გაუგზავნა დეოლიგარქიზაციის გეგმა და მის შეფასებას ელოდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დეოლიგარქიზაციის ახალი მიდგომის განსახორციელებლად არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება ევროკავშირის ერთ-ერთი ახალი მოთხოვნაა საქართველოსადმი.
დოკუმენტის მიხედვით, სამოქმედო გეგმა ეფუძნება კომპლექსური სტრატეგიული მართვის ჩარჩოსა და უწყვეტ დაგეგმვას.
როგორც სამუშაოს საწყისი ეტაპის შედეგებმა აჩვენა, აუცილებელია უწყვეტი დაგეგმვა და პერიოდული განხილვები რათა თავიდან ავიცილოთ დაბრკოლებები განხორციელებაში, ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, ოლიგარქების გავლენის აღსაკვეთად სამოქმედო გეგმაში იქნება გამოყენებული ოთხი კომპონენტისგან შემდგარი მიდგომა: ეს არის დაგეგმვა, განხორციელება და ბიუჯეტირება, შეფასება, ანგარიშვალდებულება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად სამოქმედო გეგმა განსაზღვრა >>
დაგეგმვა გულისხმობს პრობლემის გადაჭრის ხედვას, პრიორიტეტების და მიზნების განსაზღვრას, სტრატეგიულ შესაბამისობას და ინიციატივებს. განხორციელება და ბიუჯეტირება გულისხმობს ფუნქციების და პასუხისმგებლობების განსაზღვრას, რესურსების განაწილებას, კოორდინაციის პროცესს, მონიტორინგსა და გადახედვას.
პერიოდული განხილვები და აუცილებელი შესწორებები გააუმჯობესებს პროცესს და უზრუნველყოფს უწყვეტი განვითარებისა და ანალიზის შესაძლებლობას.

გეგმის კომპლექსური მიმართულება

სამოქმედო გეგმა შემუშავებულია შვიდი მიმართულებით ამოცანების შესრულების კონკრეტული ვადების მითითებით. გეგმა ასევე ითვალისწინებს გარკვეული მიმართულებებით საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის დირექტივებთან.
გეგმაში მიმართულებები შემდეგნაირად განისაზღვრა:
1.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფ GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება).
2.
საჯარო შესყიდვები („საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის და ამ სფეროში ანგარიშვალდებულების შენარჩუნება“).
3.
კონკურენციის პოლიტიკა („ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და იმპლემენტაცია“).
4.
მართლმსაჯულება.
5.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა („ფულის გათეთრების წინააღმდეგ პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, მათ შორის, იურიდიული პირების და ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობა, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი წვდომა, MONEYVAL-ის და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად“).
6.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.
7.
მედია („მედია პლურალიზმის და მედია მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერება“).
გარდა ამისა, საქართველო ასევე გეგმავს გააძლიეროს ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, გააუმჯობესოს კოორდინაცია სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის გავლენის პრობლემის გადასაჭრელად და შეაფასოს მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით მიღებული ზომები.
საქართველო გეგმის განხორციელებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს.
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩააგდო >>
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0