ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად სამოქმედო გეგმა განსაზღვრა

© Parliament of Georgiaილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2023
გამოწერა
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სამოქმედო გეგმა განიხილეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.

„ვცდილობთ 15 დეკემბრამდე, როდესაც ევროპულმა საბჭომ და წევრმა-ქვეყნებმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, გავაგრძელოთ პროგრესი რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით. შესაბამისად, ეს იყო ჩვენი განხილვის მთავარი მიზანი", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, კომისიის სხდომაზე ისაუბრეს არა მხოლოდ 15 დეკემბრამდე განსახორციელებელ რეფორმებზე და ამ კუთხით პროგრესზე, არამედ მომავალი წლის დღის წესრიგზეც, როგორ უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა საქართველომ განაგრძოს რეფორმების განხორციელება.
„როგორც ცნობილია, ევროკომისიამ 8 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ევროპული საბჭოსთვის გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არ არის პროცესის დასასრული, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების იმპლემენტაციას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
რეფორმების პროგრამა საკმაოდ ფართო და რთულია, ამიტომაც იგი მოითხოვს ფრთხილ და დეტალურ კოორდინაციას, დასძინა მან.
„რეფორმების განხორციელება ეს არის ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის გრძელვადიანი პასუხისმგებლობა, რომელიც აღებული აქვს პარტნიორებთან, რათა საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს და მაქსიმალურად მოხდეს ჩვენი ქვეყნის როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოება ევროპულ ოჯახთან", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გზაზე: „ოცნებას“ ოპოზიციის იმედი არ აქვს>>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0