საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვალა - რა სიახლეები ელის სკოლებს?

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2023
გამოწერა
ძირითადი დოკუმენტი - ეროვნული სასწავლო გეგმა ექვს წელიწადში ერთხელ განახლებას საჭიროებს
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე.
განათლების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების პირველ ეტაპზე მუშაობა დაასრულა, რომელიც ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს.
ცვლილებები შეეხო სასწავლო პროცესის ყველა კომპონენტს. თითოეული კომპონენტი, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას და სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს.
სიახლეების თანახმად, მკაფიოდ არის განსაზღვრული რას ნიშნავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა და სწავლება. დაზუსტებულია პრინციპები, რის საფუძველზეც მასწავლებლებმა უნდა შეაფასონ მოსწავლეები, ასევე სასკოლო სასწავლო გეგმის ფუნქცია და მნიშვნელობა.
რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა და როგორი უნდა იყოს ის >>
საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების კომპონენტები გაუქმდა. სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან საკუთარი ორიგინალური შეფასების სისტემა და პრინციპები, რომელთა მიხედვითაც ისინი გარდაიქმნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10-ქულიან სისტემაში.
თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში აქვს წლიური შეფასება 5.0 ქულაზე ნაკლები, სკოლას მოეთხოვება შესთავაზოს მას რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდების წინ. ასეთი მოდელი უნდა შესთავაზონ იმ მოსწავლეებსაც, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლის გარეთ დარჩენის დიდი რისკი აქვთ. კურსის შინაარსს თავად სკოლა ადგენს ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე.
ტერმინი „რემედიაცია“ ნიშნავს არსებული პრობლემების შემცირებას ან აღმოფხვრას კონკრეტული ღონისძიებების გამოყენებით. პროგრამა ორიენტირებულია თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მას ახორციელებს მასწავლებელი კორექტორი სკოლის ადმინისტრაციის, კლასის მასწავლებლისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით.
ინოვაციის ფარგლებში სკოლები თავად გადაწყვეტენ, რა ფუნქციებს შეასრულებენ სასკოლო საზოგადოების წევრები და როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სწავლობენ კერძო სკოლებში და არაქართულენოვან სექტორზე, სახელმწიფო ენის სწავლის საფეხურები განისაზღვრება სწავლის წლის მიხედვით.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა - დეტალურად >>
ცვლილებები შეეხო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ქართულ სექტორში სწავლობენ. მათთვის გაუქმდა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც მშობლიური ენის შესწავლას მხოლოდ 10 მსურველის არსებობის შემთხვევაში შეძლებდნენ. ახლა ყველას ექნება შესაძლებლობა ისწავლოს მშობლიური ენა, მიუხედავად მოსწავლეების რაოდენობისა.
ცვლილებების ფარგლებში კერძო და საჯარო სკოლებს შეუძლიათ გამოიყენონ არაგრიფირებული, მაგრამ განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები.
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ აუცილებელია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების გადახედვა, რადგან ისინი არანაირად არ შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო განათლების სტანდარტებს.
მასწავლებლები სკოლებში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ ალაპარაკდნენ >>
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც ძირითადი დოკუმენტი, განსაზღვრავს რა, როდის და როგორ უნდა ისწავლებოდეს საქართველოს სკოლებში. მინისტრის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და მზად არის ფართო წრეებში კონკრეტული საკითხების განსახილველად.
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა 2004 წლის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა და მისი განხორციელება ქვეყანაში 2006-2007 სასწავლო წლიდან დაიწყო.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც ძირითადი დოკუმენტი, პერიოდულად საჭიროებს განახლებას, რათა მასში აისახოს როგორც მოსწავლეების და მასწავლებლების საჭიროებები, ასევე განათლების სფეროს საერთაშორისო პრაქტიკა და თანამედროვე ტენდენციები.
ყველა ახალი ამბავი
0