მასწავლებლები სკოლებში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ ალაპარაკდნენ

© photo: Sputnikთბილისის პირველი გმნაზია
თბილისის პირველი გმნაზია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მეტი სკოლა სჭირდება, მასწავლებლებს კი უფრო მაღალი ხელფასი და პროფესიის პოპულარიზაცია, განაცხადა ინგლისური ენის მასწავლებელმა თამარ ცანავამ „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილეებთან ერთად, პედაგოგებთან შეხვედრებს მართავს, რათა უშუალოდ მათგან მოისმინოს იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც ისინი აწყდებიან სკოლებსა და საგაკვეთილო პროცესზე.
„იმ გარემოში, სადაც მოსწავლე თავს კარგად გრძნობს, ჩვენც კარგად ვართ. როგორ უნდა იყოს მოსწავლე კომფორტულად, როცა სკოლებში, განსაკუთრებით კი თბილისის სკოლებში, საკლასო ოთახები გადავსებულია. კლასებში 30-35 ბავშვი ზის. ესე იგი, რა გვჭირდება? მეტი სკოლა“, - განაცხადა ცანავამ.
პედაგოგის განცხადებით, აუცილებლად უნდა გადაიხედოს დამრიგებლის ინსტიტუტი, ხელფასიდან დაწყებული, ნებისმიერი პატარა დეტალით დამთავრებული. ცანავას აზრით, პედაგოგებს ბევრი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა უწევთ.
მისი თქმით, სისტემაში ახალგაზრდების მოზიდვა ვერ მოხდება იქამდე, ვიდრე სკოლას ღირსეულად არ დატოვებენ ის მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში 40-50 წელია ასწავლიან და რომელთა ზურგზეც გადაიარა 1990-იანმა წლებმა, როცა ისინი თითქმის უხელფასოდ მუშაობდნენ.
„როგორ წავლენ სკოლიდან დაფასებული, როდესაც 300-400 ლარი აქვთ პენსია და ზუსტად იციან, რომ იმ ევროპელ მასწავლებელს ვერასდროს შეედრებიან, რომელიც თავისი პენსიით მოგზაურობას ახერხებს“, - აღნიშნა ცანავამ.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ მას უწევს პედაგოგობის რეპეტიტორობასთან შეთავსება, ასევე სხვა დამატებით ფუნქციების შესრულება, რადგანაც სკოლაში აღებული ხელფასი არ არის საკმარისი.
მისი თქმით, თაობები იცვლება და სწავლის ის მეთოდები, რომელიც ადრე იყო, მოძველდა.
„მე მაქვს ურთიერთობა ახალ თაობასთან და ვიცი, როგორი საოცარი ადამიანები არიან ეს ბავშვები. ისინი სტანდარტულ გარემოში არ გაგიჩერდებიან და აუცილებლად დაიწყებენ ალტერნატიული სივრცის ძებნას. სკოლას საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი ფუნქცია აღარ ექნება, თუ ის ორიენტირებული არ იქნება ცვლილებასა და განვითარებაზე და მას მხოლოდ სოციალური სახლის როლი დარჩება, სადაც მასწავლებელი ცოტა ხანი შეიფარებს ბავშვს“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილის თქმით, მთავარია, რომ მასწავლებელი მუშაობის დროს ბოლომდე დაიხარჯოს და გაკვეთილები ხარისხიანად ჩაატაროს.
„ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ აუცილებლად რაღაც უნდა შევცვალოთ, თუმცა დაგროვილმა ინფორმაციამ, გამოცდილებამ და ანალიტიკამ აჩვენა, რომ საქმე არცთუ ისე კარგად არის“, - განაცხადა მახარაშვილმა.
მისი თქმით, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები უამრავ მასწავლებელს შეხვდნენ, რათა უშუალოდ მათგან მოესმინათ სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ.
„თუ რამე დასახვეწია, უნდა დავხვეწოთ, თუ ყველაფერი კარგად არის, ესე იგი, ისე იქნება, როგორც არის“, – განაცხადა მახარაშვილმა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძეის განცხადებით, არც ერთი ორგანიზაცია არ ჰგავს სკოლას. სკოლა არის ორგანიზაცია, სადაც კატეგორიების დაწესებამდე არ არსებობდა წინსვლის შესაძლებლობა და სტატუსებმა შექმნა დაწინაურების საშუალება.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.
„სკოლაში არის დირექტორი, არის ერთი მოადგილე და 180 მასწავლებელი. ამიტომ ამ სტატუსებმა გარკვეულწილად შექმნა დაწინაურების საშუალება“, – განაცხადა შუკაკიძემ.
მისი თქმით, ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარება არის ყველა მასწავლებლის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას სტატუსი.
საქართველოში 2024 წლიდან მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება>>>
როგორც შუკაკიძემ აღნიშნა, განათლების სამინისტრო ამჟამად მუშაობს სიახლეების რამდენიმე ვერსიაზე და მინისტრი თავის გადაწყვეტილებას დეკემბერში გამოაცხადებს. მისი თქმით, განათლების სფეროში დრამატული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და არც ერთი მასწავლებელი არ დაზარალდება სიახლეებით. საფრთხე არ ემუქრება არც მასწავლებლების სტატუსს, აღნიშნა მან.
მისი თქმით, ხელფასების ისეთი ზრდა, რომელიც 2024 წელს მასწავლებლებისთვის არის დაგეგმილი არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ იქნება. მინისტრი პედაგოგებს ხელფასების 500 ლარით გაზრდას დაჰპირდა. როგორც შუკაკიძემ აღნიშნა, საზოგადოებას არ ახსოვს, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ამდენი შეხვედრა გაემართათ მასწავლებლებთან, განეხილათ პრობლემები და მოესმინათ, რა გამოწვევების წინაშე დგანან და რა უშლის ხელს მათ ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარებაში.
2023 წლის დასაწყისში განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ აუცილებელია ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვა, რადგანაც იგი მოძველდა და არ შეესაბამება საერთაშორისო განათლების თანამედროვე სტანდარტებს.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, განსაზღვრავს – რა, სად და როგორ უნდა ისწავლებოდეს საქართველოს სკოლებში. მისი თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და მზადაა ფართო წრეებთან ერთად განიხილოს განათლების საკითხები: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები; საბავშვო ბაღები და სკოლამდელი განათლება; სკოლა და ზოგადი განათლება; სკოლის ავტონომია; ეროვნული სასწავლო გეგმა; შეფასების სისტემა; სკოლების ავტორიზაცია.
რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა და როგორი უნდა იყოს ის>>>
გარდა ამისა, სამინისტრო მზადაა ასევე განიხილოს საკითხები: სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა; მასწავლებელი, მისი სამუშაო, ფინანსური და სოციალური პირობები; კარიერული განვითარების სქემა; სკოლების დაფინანსება და სასკოლო კვება; განათლების პოლიტიკის დაგეგმვა; სასწავლო რესურსები და სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი; ახალი ხედვა პროფესიულ განათლებაში; უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
ამილახვარმა აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, ეს საკითხები საჯარო მსჯელობაზე გამოდის. განათლების სამინისტრო მზადაა, მიიღოს ძალზე რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებები, რომლებიც, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში არ მიღებულა.
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა 2004 წლის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა და მისი განხორციელება ქვეყანაში 2006-2007 სასწავლო წლიდან დაიწყო.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, პერიოდულად საჭიროებს განახლებას, რათა აისახოს როგორც მოსწავლეებისა და მასწავლებლების საჭიროებები, ისე საერთაშორისო პრაქტიკა და განათლების სფეროს თანამედროვე ტენდენციები.
ყველა ახალი ამბავი
0