რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა და როგორი უნდა იყოს ის
18:12 07.11.2023 (განახლებულია: 18:23 07.11.2023)
© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს განათლების სამინისტრო
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, პერიოდულად განახლებას საჭიროებს.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული სასწავლო გეგმა მოძველდა და სერიოზულ განახლებას საჭიროებს. ამის შესახებ საუბრობენ არა მხოლოდ დარგის ექსპერტები, არამედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარიც, რომელმაც სისტემაში დიდი ცვლილებების დაწყება დააანონსა.
Sputnik-საქართველოს ექსკლუზიურ ინტერვიუში ექსპერტმა განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დაძველდა საქართველოს სასწავლო გეგმა, სად უფროა საგრძნობი ხარვეზები და რა მიმართულებებით უნდა შეიცვალოს არსებული კურსი.
„უკვე ექვსი წელი გავიდა საქართველოს მოქმედი ეროვნული კურსის დამტკიცებიდან და ის მოძველდა. ანუ ყოველ ექვს წელში ცვლილებები უნდა შევიდეს. ამჟამინდელ გეგმაში ბევრი ხარვეზია. მაგალითად, რამდენიმე საგანში სასწავლო გეგმა ცუდი არ არის, მაგრამ, მაგალითად, ქიმიაში საშინელია, სტანდარტია ცუდი", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ექსპერტმა განმარტა, რომ STEM საგნების (საბუნებისმეტყველო საგნები, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ სტანდარტები დამტკიცებული არაა. სახელმძღვანელოებს კი სტანდარტებითა და პროგრამით წერენ და ისე გამოვიდა, რომ სახელმძღვანელოები დაუმტკიცებელი სტანდარტებით დაწერეს. ასე იყო რამდენიმე წლის წინ, როცა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდა, აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
ექსპერტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა არსებულ პრობლემებზე საუბარი დაიწყო და, უფრო მეტიც, დასკვნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ადრე განაცხადა, რომ სახელმძღვანელოების შინაარსი შესაცვლელია. ამისთვის ჯერ ეროვნული სასწავლო გეგმა უნდა შეიცვალოს. კარგია, რომ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ საჭიროა მისი შეცვლა. მაგრამ პრობლემაა, როგორ შეიცვლება", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
განათლების სამინისტრომ წელს სახელმძღვანელოების ხარისხის კვლევა უშუალოდ მასწავლებლებს შორის დაიწყო. ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მთავრობას არაფრის გაკეთება და შეცვლა არ შეუძლია, თუ პედაგოგები ამ კვლევაში გულწრფელი არ იქნებიან.
თუ მასწავლებლები, ვინმეს მიმართ გარკვეული შიშის, პირადი ნაცნობობის ან რამე სხვა მიზეზის გამო სიმართლეს არ იტყვიან სახელმძღვანელოების ხარისხზე და არ ისაუბრებენ იმ ხარვეზებზე, რომლებსაც ისინი სამუშაო პროცესებში აწყდებიან, არაფერი გამოვა, დარწმუნებულია ნიკოლაიშვილი.
ამასთან, სამინისტრო კვლევის პროცესში ანონიმურობის გარანტიას იძლევა. ნიკოლაიშვილი თავის კოლეგებს სთხოვს, გულწრფელად ისაუბრონ ამა თუ იმ სახელმძღვანელოს ხარვზებზე.
„მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ ილაპარაკონ პირდაპირ, რომ ბავშვების სწავლება არ შეიძლება ამ სახელმძღვანელოებით - საქართველოში სახელმძღვანელოების 99.99% უვარგისია. და ეს უნდა აისახოს მასწავლებლებს შორის ჩატარებულ განათლების სამინისტროს კვლევაში", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
რა უნდა გაკეთდეს
ექსპერტის აზრით, განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის სტრუქტურული ცვლილებების დაწყებაა საჭირო. ნიკოლაიშვილი დარწმუნებულია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს განათლების სისტემის ახალი სტრუქტურა, ხოლო სამინისტროს დაქვემდებარებული ზოგიერთი სტრუქტურები საერთოდ უნდა გაუქმდეს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ სამინისტრო - ეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არ არის, ეს მართვის ორგანოა, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკონტროლოს და შეამოწმოს. სამინისტრო არ უნდა ითავსებდეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას, აღნიშნა მან.
„ადრე ეროვნული სასწავლო გეგმის ცენტრი ცალკე მუშაობდა, გვქონდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის ინსტიტუტი. ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის შემდეგ ეს ინსტიტუტი ფაქტობრივად გაუქმდა და ილიას უნივერსიტეტს შეუერთდა. ეს ინსტიტუტი უნდა გამოეყოს ილიას უნივერსიტეტს და იმუშაოს, როგორც ადრე მუშაობდა", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
ნიკოლაიშვილის თქმით, სამეცნიერო-კვლევითი პროცესი სწორედ გოგებაშვილის ინსტიტუტში უნდა გადავიდეს და იქ უნდა იმუშაონ სტანდარტზე, პროგრამაზე, იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს წიგნი.
„როგორ შეიძლება, რომ ამ ყველაფერს ჩინოვნიკი აკეთებდეს? რომ ჩინოვნიკმა დაწეროს პროგრამა? ეს სამეცნიერო სივრცეში უნდა ხდებოდეს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ადრე საქართველოში ასევე არსებობდა პედაგოგების სრულყოფისა და კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი. იქ მუშაობდნენ პროფესორები, უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტები, რომლებმაც სკოლის საქმიანობის ყველა საფეხური იცოდნენ, რადგან თვითონ ჰქონდათ ეს გავლილი.
ეს ადამიანები პედაგოგებს სწავლების მეთოდიკით ამზადებდნენ. სწავლობდნენ მათ მუშაობას, ესწრებოდნენ გაკვეთილებს, რათა შეეფასებინათ და შეემოწმებინათ მათი ცოდნა და უნარები.
„სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს სასწავლო პროცესი. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არაა, სადაც არ არიან სკოლის საგნების ინსპექტორები. აშშ-ში, ინგლისში, პრაქტიკულად ყველგან ინსპექტორები გაკვეთილებს ესწრებიან", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
გამოცდის ჩაბარება საგანში არ ნიშნავს, რომ კარგი პედაგოგი ხარ. ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ პირადად იცნობს ბევრ პედაგოგს, რომლებმაც ბრწყინვალედ იციან თავიანთი საგანი, ჩააბარეს გამოცდები და მაღალი ქულები მიიღეს, მაგრამ კლასს ხელში ვერ იჭერენ, მათ გაკვეთილებზე მუდამ ხმაურია, მოსწავლეები არ უსმენენ, ვიღაც ფანჯარაში იყურება, ვიღაც ყვირის, ვიღაც - მღერის.
„რა ცოდნაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც გაკვეთილზე ასეთი ვითარებაა. ასეთ პედაგოგებს დახმარება სჭირდებათ, მათ სწავლის მეთოდიკა უნდა ასწავლონ, და თუ არ გამოვა, მაშინ - თანამდებობიდან გაათავისუფლონ. იმისთვის, რომ კლასი ხელში აიყვანო, მარტო საგნის ცოდნა საკმარისი არაა", - აღნიშნა ექსპერტმა.
ის ეთანხმება განათლების მინისტრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები უნდა შეიცვალოს. და დოქტრინის დაწერაში სამინისტროს უნდა დაეხმარონ ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, მეცნიერები პედაგოგიკის თეორიის ადა პრაქტიკის ნაწილში და ა.შ.
ოქტომბრის დასაწყისში განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმა უნდა გადაიხედოს, რადგან არ შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო განათლების სტანდარტებს.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, განსაზღვრავს – რა, სად და როგორ უნდა ისწავლებოდეს საქართველოს სკოლებში. მისი თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და მზადაა ფართო წრეებთან ერთად განიხილოს განათლების საკითხები: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები; საბავშვო ბაღები და სკოლამდელი განათლება; სკოლა და ზოგადი განათლება; სკოლის ავტონომია; ეროვნული სასწავლო გეგმა; შეფასების სისტემა; სკოლების ავტორიზაცია.
გარდა ამისა, სამინისტრო მზადაა ასევე განიხილოს საკითხები: სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა; მასწავლებელი, მისი სამუშაო, ფინანსური და სოციალური პირობები; კარიერული განვითარების სქემა; სკოლების დაფინანსება და სასკოლო კვება; განათლების პოლიტიკის დაგეგმვა; სასწავლო რესურსები და სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი; ახალი ხედვა პროფესიულ განათლებაში; უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
ამილახვარმა აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, ეს საკითხები საჯარო მსჯელობაზე გამოდის. განათლების სამინისტრო მზადაა, მიიღოს ძალზე რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებები, რომლებიც, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში არ მიღებულა.
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა 2004 წლის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა და მისი განხორციელება ქვეყანაში 2006-2007 სასწავლო წლიდან დაიწყო.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, პერიოდულად საჭიროებს განახლებას, რათა აისახოს როგორც მოსწავლეებისა და მასწავლებლების საჭიროებები, ისე საერთაშორისო პრაქტიკა და განათლების სფეროს თანამედროვე ტენდენციები.