„ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ მორალს მოკლებულია – „ოცნებაში“ „ვარდების რევოლუცია“ შეაფასეს

© Ministry of Justice of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2023
გამოწერა
დეპუტატმა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღნიშვნას ამორალური უწოდა.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. „ვარდების რევოლუციის“ გზით ხელისუფლებაში მოხული ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოკლებულია არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ყველანაირ მორალს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ.
2003 წლის 23 ნოემბერს ოპოზიციის მასშტაბურმა აქციებმა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომა გამოიწვია. რამდენიმე თვის შემდეგ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

„2012 წლის შემდეგ არაერთი ნიანგის ცრემლი ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის" მესვეურთა მხრიდან, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს აღიარებენ და განიცდიან იმ პრობლემებს, რომლებიც შექმნეს საკუთარი მმართველობით. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაცლილია არამც თუ პოლიტიკური, არამედ მთლიანი ყოფითი მორალისგან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

დეპუტატი „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღნიშვნას მორალური თვალსაზრისით გაუმართლებლად მიიჩნევს.
„იმ ხალხმა, ვინც ზეიმს აპირებს ამასთან დაკავშირებით, საკუთარ თავს დაუსვან პირველ რიგში კითხვა, რამდენად აქვთ მორალური უფლება, რომ იზეიმონ ეს თარიღი, იმის გათვალისწინებით თუნდაც, რამდენად ეზეიმება მაგალითად გირგვლიანის ოჯახს“, – განაცხადა დეპუტატმა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერსდაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმ დროისთვის მას უკვე მისჯილი ჰქონდა დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლებისაღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
„დილით ღმერთს სთხოვს, საღამოს - პრეზიდენტს": დეპუტატი სააკაშვილის შეწყალებაზე>>
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ სამი საქმე განიხილება – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთა.
სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში 2012 წლის შემოდგომამდე იყო. იმ წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და მთავრობაც მანვე ჩამოაყალიბა. მოგვიანებით კოალიცია დაიშალა და ყველა მომდევნო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიციის წამყვანმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.
„ვარდების რევოლუცია“
ძირითადი მოტივი, რამაც „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია, იყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება. დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომელმაც პიკს 22 ნოემბერს მიაღწია. სწორედ ამ დღეს ტარდებოდა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმაციაც პოლიტიკურმა ძალებმა ეჭვქვეშ დააყენეს.
კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ - ომისა და ღალატის პარტიაა>>
იმავე დღეს სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოპოზიციის წევრები ვარდებით ხელში შევიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩაშალეს შევარდნაძის სიტყვით გამოსვლა და მას დაცვის თანხლებით დარბაზის დატოვება აიძულეს.
შემდგომ შევარდნაძემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კრწანისის რეზიდენციის დასაცავად ჯარს და პოლიციას მოუწოდა. თუმცა, პოლიციის ელიტურმა ქვედანაყოფებმაც კი უარი თქვეს მას მხარდაჭერაზე.
გიორგობის დღეს, 23 ნოემბრის საღამოს, შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერებთან, სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან (ექს–პრემიერი) მოლაპარაკებები გამართა, რათა მათთან შექმნილი რთული ვითარება განეხილა. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ყველა ახალი ამბავი
0