„დილით ღმერთს სთხოვს, საღამოს - პრეზიდენტს": დეპუტატი სააკაშვილის შეწყალებაზე

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ექს-პრეზიდენტს შეიწყალებს, იგი ისეთივე დამნაშავე გახდება, როგორც სააკაშვილი
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია როცა დასჭირდება შეწყალების თხოვნით ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართოს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე სააკაშვილმა, რომელიც პროცესს დისტანციურად ჩაერთო, განაცხადა რომ ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში. სააკაშვილის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ელოდება და „უკვე მოამზადა მისი შემცვლელი - ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
„ეს სააკაშვილს შეუძლია, როცა დასჭირდება დილით „უფალო შემიწყალე" და საღამოს - „სალომე შემიწყალე" თქვას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ექს-პრეზიდენტს შეიწყალებს, იგი ისეთივე დამნაშავე გახდება, როგორც სააკაშვილი „იმიტომ, რომ საერთაშორისო და ქართულმა სასამართლომ აღიარა, რომ სააკაშვილმა შექმნა დამნაშავე რეჟიმი".
დეპუტატის თქმით, საერთაშორისო სასამართლომ პირდაპირ დაწერა, რომ იგი გაოგნებულია იმ რეჟიმის ქმედებებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი.
თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, მისი ამორალურობის თანაზიარი გახდება - კობახიძე>>>
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
როდის დააბრუნებენ სააკაშვილს ციხეში - იუსტიციის მინისტრს მისი გამოჯანმრთელება ახარებს>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0