როდის დააბრუნებენ სააკაშვილს ციხეში - იუსტიციის მინისტრს მისი გამოჯანმრთელება ახარებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
„ვივამედში“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებს.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ძალიან გახარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით, ის ციხეში დაბრუნდება როგორც კი ექიმები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში". სააკაშვილს მკურნალობენ კახექსიაზე, რომელიც არასაკმარისი კვებით არის გამოწვეული.
„როგორ მოგეხსენებათ მისი (სააკაშვილის - რედ.) ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც ჩვენ მოხარულები ვართ და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილმა კონსილიუმმა 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს მომზადებულ დასკვნაში, თუმცა გასცა მისი მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია.
კლინიკა, სადაც სააკაშვილი მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
ვოლსკი: სკანდალური განცხადებები სააკაშვილის სტილია>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0