რატი ბრეგაძე: სააკაშვილმა დღემდე ვერ გაიაზრა რომ 7 ნოემბერს დანაშაული ჩაიდინა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკში2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა
2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
სააკაშვილი არც კი ნანობს ჩადენილ დანაშაულს და მედიაზე თავდასხმის გამართლებას ცდილობს, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვერ გააცნობიერა, რა დანაშაული ჩაიდინა 2007 წლის 7 ნოემბერს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ორშაბათს სასამართლო სხდომაზე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის საქმეს ეხებოდა, ბრალდებულმა სააკაშვილმა აქციის დარბევა და ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში შეჭრა „ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის მიერ მოწყობილი არეულობებით“ ახსნა.
„ამ ადამიანს არ აქვს გააზრებული თუ რა დანაშაული ჩაიდინა. მით უმეტეს, ის ამას არც ინანიებს და კიდევ ერთხელ ცდილობს გაამართლოს მედიაზე თავდასხმა. რა თქმა უნდა, რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, 7 ნოემბერი სხვა არაფერი იყო, თუ არა მედიაზე სასტიკი თავდასხმა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, - განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, თუკი რომელიმე ადამიანი ცდილობს ეს გაამართლოს, რა თქმა უნდა მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიის თანამედროვე გაგებასთან.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
გარდა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმის, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეს განიხილავს – საზღვრის უკანონო გადაკვეთა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა.
სააკაშვილის სასამართლო: ექს–პრეზიდენტი ხამაღალი პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდა >>
საქმის დეტალები
საქმეში რამდენიმე ეპიზოდია: 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევა, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისება. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, 2007 წლის 4 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის დავალებით შსს-ს შენობაში, მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ადეიშვილი, კეზერაშვილი, უგულავა, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია და გუბერნატორები.
შეხვედრაზე მერაბიშვილმა პროტესტის ტალღის ჩასახშობად მომიტინგეთა დარბევის და აკრძალული ნივთიერებების გამოყენების შესახებ უკანონო ბრძანება გასცა.
სააკაშვილის შეწყვეტილი გამოსვლა და უკმაყოფილო ადვოკატები - დეტალები სასამართლო დარბაზიდან >>
2007 წლის 7 ნოემბერს დილით პარლამენტის შენობასთან, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები შიმშილობდნენ, ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელები გამოჩნდნენ და მომიტინგეები დაარბიეს. ამან პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა რაოდენობამ იმატა.
გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა - მათი მხრიდან მოხდა ოპოზიციონერი მომიტინგეების დარბევა (სახალხო დამცველის, პოლიტიკური პარტიების წევრების და ჟურნალისტების ჩათვლით) და არალეტალური იარაღის უკანონო გამოყენება.
მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, კონსტიტუციის დარღვევით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა მინისტრ დავით კეზერაშვილის მეთაურობით რუსთაველის გამზირზე გადაისროლეს.
გახდება თუ არა კალაძე პრემიერ-მინისტრი: თბილისის მერის კომენტარი>>
მერაბიშვილის დავალებით შეიარაღებული სპეცრაზმი უკანონოდ შეიჭრა მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, დაიკავა ის და თანამშრომლები გაყარა.
სააკაშვილმა ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და იმ დროს ოპოზიციურ „იმედზე“ რეიდის მოწყობა გადაწყვიტა, რათა მაუწყებლობა გაეთიშათ.
იმავე დღეს, დასახული გეგმის შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის" შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით უკანონოდ შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც გაანადგურა პირდაპირი ჩართვის აპარატურა, გამორთო ტელეკომპანია „იმედის" მაუწყებლობა, ხოლო „ტელეიმედის" თანამშრომლები ცემა-ტყეპით შენობიდან გამოყარა.
თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, მისი ამორალურობის თანაზიარი გახდება - კობახიძე>>
გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის დავალებითა და მაღალჩინოსნების, მათ შორის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და სხვების უშუალო ჩარევით პატარკაციშვილის ოჯახს ზეწოლითა და დაშინებით წაართვეს ტელეკომპანია „იმედი" და რადიო „იმედი“, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. მაუწყებლები კეზერაშვილის ხელში აღმოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0