სააკაშვილის შეწყვეტილი გამოსვლა და უკმაყოფილო ადვოკატები - დეტალები სასამართლო დარბაზიდან

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2023
გამოწერა
სააკაშვილის საუბრობს გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს, ის კი სასამართლოში „პოლიტიკურ მიმომხილველად არ მიუწვევიათ“, განაცხადა მოსამართლემ
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის მორიგი სასამართლო სხდომა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა - მოსამართლემ ბრალდებულს სიტყვა შეაწყვეტინა, რამაც სააკაშვილის მხარდამჭერებისა და ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია.
საქმე ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო ხარჯების მანამდე გასაიდუმლოებულ ნაწილს. სააკაშვილს საკუთარ საჭიროებებზე სახელმწიფო სახსრებიდან 8,8 მლნ ლარის გაფლანგვა ედება ბრალად.
სხდომის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მთავარ ფიგურანტს შესაძლებლობა მისცა დისტანციურად ჩართულიყო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“, სადაც ის 2022 წლის მაისიდან იმყოფება. ამასთან, მოსამართლემ სააკაშვილს მოუწოდა, ესაუბრა განსახილველ საკითხებსა და ბრალდებებზე.
„ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
მოსამართლის მოწოდებების მიუხედავად, სააკაშვილი პოლიტიკური განცხადებებით წარდგა - ისაუბრა საგარეო პოლიტიკურ კურსზე, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, მიგრაციის, ინფლაციის, კორუფციის პრობლემებზე, საგარეო საფრთხეებზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
დაახლოებით 14 წუთის შემდეგ მოსამართლემ ჩართვა გათიშა. როგორც კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის ეხება გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს, ის კი სასამართლოში „პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული“.
„ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა“, - განაცხადა მოსამართლემ.
მოსამართლის გადაწყვეტილებამ სააკაშვილის თანამოაზრეების უკმაყოფილება გამოიწვია და მათმა ნაწილმა სხდომათა დარბაზი ყვირილით დატოვა.
უკმაყოფილოები იყვნენ სააკაშვილის ადვოკატებიც, რომლებმაც მოსამართლის აცილება მოითხოვეს. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლის გადაწყვეტილებას არაჰუმანური ქცევა უწოდა და განაცხადა, რომ მას საქმის განხილვის გაგრძელების მორალური უფლება აღარ აქვს.
მემორიალური ოთახი და მავზოლეუმი: „ოცნებაში" სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები შეაფასეს >>
ადვოკატების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და მას უსაფუძვლო უწოდა, რადგან, პროკურორის თქმით, ბრალდებული საქმეზე არ საუბრობს.
შედეგად მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„მოსამართლე არ შეიძლება აცილებულ იქნეს საქმეზე მის მიერ კანონიერად მიღებული გადაწყვეტილების გამო. მოსამართლეს ჰქონდა ბერკეტი, რომ ბრალდებულის საუბარი შეეჩერებინა იმ დროს, როცა ის გასცდებოდა განსახილველი საქმის ფარგლებს. ასე მოხდა. აქ არანაირი კანონდარღვევა არ არის და ვერ იქნება“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
საპასუხოდ ბასილაიამ განაცხადა, რომ სხდომას ვეღარ გააგრძელებდა, რადგან სააკაშვილის პოზიცია სხდომის გაგრძელება-არგაგრძელების თაობაზე მისთვის უცნობია.
შედეგად სხდომა 20 ნოემბერს 12:00 საათისთვის გადაიდო.
საქმის დეტალები
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
პროკურატურამ თვალსაჩინოებისთვის დეტალურად წარმოადგინა სააკაშვილის ხარჯების ნაწილი:
ნახატის შესყიდვა ლონდონში - მერედიტ ოსტრომის ნამუშევარი, რომელიც მკერდით ხატავს - 15.989 ლარი.
სააკაშვილის მიერ დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო კალდერონ ლატასის შრომის, საცხოვრებელი ადგილისა და ესპანეთში დაბრუნების ხარჯები, ასევე მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურება - 191.643 ლარი.
სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროსა და ბილეთების თანხა - 75.181 ლარი.
სასტუმრო მომსახურება და სამკურნალო გახდომის პროცედურები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის - 26.388 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბათუმში მარიამ საჯაიასთვის (დეპუტატი) – 6.342 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალანა გაგლოევასთვის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი) – 6.401 ლარი.
ბილეთების ყიდვა ვერა ქობალიას (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) მშობლებისა და დისთვის, ნინა ქობალიასთვის - 38.247 ლარი.
ავიალაინერის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის - 503.383 ლარი.
Porsche-ს, Mercedes-ის და Audi-ს დაქირავება ავსტრიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასთვის - 58.876 ლარი.
ლიმუზინისა და მინივენის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის ვერონაში ვიზიტის დროს - 45.214 ლარი.
ვერტმფრენის დაქირავება პერუში - 33.204 ლარი.
იახტის დაქირავება პიზაში - 25.237 ლარი.
შვიდი პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს შეძენა მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში - 49.499 ლარი.
ორი კოსტიუმის (ხელით შეკერილი) შეძენა - 7.994,84 ლარი.
ათი მაჯის საათის შეძენა საქართველოსა და ინგლისში - 53.283 ლარი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0