მემორიალური ოთახი და მავზოლეუმი: „ოცნებაში" სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringer„ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ოფისი
„ნაციონალური მოძრაობის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
საზოგადოებრივ მისაღებში, სხვა დანარჩენთან ერთად, გამოფენილია სააკაშვილის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის დროიდან მოყოლებული საქართველოში ცოცხალი ადამიანის მემორიალური ოთახი არ ყოფილა, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების გახსნასთან დაკავშირებით.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის საზოგადოებრივი მისაღები ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში 11 ოქტომბერს გაიხსნა. მას პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს.

„იოსებ სტალინის მერე საქართველოში ცოცხალი ადამიანის მემორიალური ოთახი არც მინახავს და არც გამიგია. ამ ადამიანებს ხელისუფლებაში არყოფნის 11 წლისთავზე, როგორც ჩანს, ამომრჩევლისთვის მხოლოდ ბელადის ნახმარი ბოტასების შეთავაზება თუ შეუძლიათ. ეს არის მათი ფანტაზიის მწვერვალი", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

საზოგადოებრივ მისაღებში, სხვა დანარჩენთან ერთად, გამოფენილია სააკაშვილის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თავად ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფისი ღია იქნება ყველა ადამიანისთვის, ვინც ზრუნავს საქართველოს ევროპულ მომავალზე. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია წერილი მისწეროს სააკაშვილს, რომელიც გასული წლის მაისიდან კლინიკაში „ვივამედშია" მოთავსებული. საფოსტო ყუთის ნაცვლად წერილები პირდაპირ საარჩევნო ყუთში ჩაიყრება.
რაზე იმსჯელეს „ნაცმოძრაობის" ლიდერმა და კეზერაშვილმა კვიპროსში? ხაბეიშვილის კომენტარი>>>
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთი წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილი ვერ ეგუება რეალობას, რომ ციხეს ვერ დატოვებს. მას არც შიმშილობამ და ვერც „ნაცმოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა უშველა, რომელმაც, დეპუტატის თქმით, „იგი შტურმით ვერ გადაარჩინა".

„ახლა მათ დარჩენიათ დაკავდნენ სპირიტიზმით – მათ სხეული „ვივამედში" დატოვეს და ოთახი-მავზოლეუმი გახსნეს. ამ ოთახ-მავზოლეუმში ბევრი ხალხი ივლის და მერე „ვივამედში" მყოფი სააკაშვილი იეჭვიანებს და დაგმობს მავზოლეუმში მყოფ სააკაშვილს", – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ივნისის შუა რიცხვებში სააკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე თავისი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეობის გარეშე სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ვერ შეძლებს.
სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს დაკარგა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. 2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსმა უკრაინული პასპორტის მიღებისას დამალა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული.
მაშინ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2019 წელს, პრეზიდენტად არჩევიდან მალევე დაუბრუნა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
დეპუტატი: ხაბეიშვილი ერთი ფეხით „ვივამედშია", მეორე ფეხით - კვიპროსში>>>
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0