დეპუტატი: ხაბეიშვილი ერთი ფეხით „ვივამედშია", მეორე ფეხით - კვიპროსში

© photo: Sputnik / Stringer„ნაციონალური მოძრაობის" მომხრეთა აქცია
„ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
პოლიტიკოსის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ არაფორმალურ მმართველობაშია ჩაფლული.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" იმდენი არაფორმალური მმართველია, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ერთი ფეხით კლინიკა „ვივამედშია", სადაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მეორე ფეხით კი კვიპროსში, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან შესახვედრად მიდის, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში სამშაბათს, 10 ოქტომბერს გაემგზავრა. კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრები კეზერაშვილს ოლიგარქს უწოდებენ, რომელიც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" კულისებიდან მართავს.

„ნაცმოძრაობა", პრაქტიკულად, იმდენ ნაწილად არის დაშლილი, რომ მათი ჩამოთვლა უკვე შეუძლებელია... არაფორმალური მმართველობა, რომელიც „ნაცმოძრაობაში" აღიარეს, ასევე მრავალმხრივი აქვთ. არაფორმალური მმართველებიც კი რამდენიმე ჰყავთ. ხაბეიშვილი ცუდ დღეშია, ერთი ფეხი „ვივამედში" აქვს, მეორე – კვიპროსში და აქ რით იაროს, აღარ იცის", – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ხაბეიშვილი შეიძლება ლიდერის თანამდებობიდან გადააყენონ იმ მარტივი მიზეზით, რომ არაფორმალური მმართველობის პირობებშიც კი მან ვერ შეძლო საკუთარი თავის გამოვლენა.
„იგი ფორმალური მმართველი არასდროს ყოფილა და არავის უღიარებია... ახლა მთავარია, საზოგადოება ჩამოყალიბდეს იმაზე, რომ 2024 წელს (საპარლამენტო არჩევნების წელს) ჯანსაღ პარტიებზე გადანაწილდეს ის ელექტორატი, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰყავდა", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილს კვიპროსზე შეხვდება>>>
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ „ნაცმოძრაობას" და მის მომხრეებს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხაბეიშვილი თანამდებობაზე შეიძლება შეცვალოს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, მაჭარაშვილი აღნიშნულს მხოლოდ მიესალმება და გვარამიას ანტიქართულ მოვლენას უწოდებს.
„იგი (გვარამია) ფორმალური მმართველი რომც გახდეს, ეს უკვე ღია დაპირისპირება იქნება „ნაცმოძრაობის" ამომრჩეველთანაც… თუ გვარამია გახდება თუნდაც ფორმალური მმართველი, ეს საბოლოოდ ბოლო ლურსმანს დააჭედებს იმ პოლიტიკური კუბოს ფიცარზე, რომელიც ისედაც გამზადებულია "ნაციონალური მოძრაობისთვის", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
განხეთქილების ნიშნები
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობა“ არაფორმალურ მმართველობაშია ჩაფლული>>>
გასულ კვირაში პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში, აღნიშნა მელიამ.
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
„რადიკალური ოპოზიცია" მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს - მმართველი პარტიის თავმჯდომარე>>>
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
ყველა ახალი ამბავი
0