კობახიძე: 5%-იანი საარჩევნო ბარიერი დადგენილია ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, ის, რაც აბალანსებს დესტაბილიზაციის რისკს და რომელიც ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას პროპორციული სისტემის პირობებში, არის სწორედ შედარებით მაღალი საარჩევნო ბარიერი
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. პროპორციული სისტემით არჩევნებში მთავარი სტაბილიზატორი 5%-იანი საარჩევნო ბარიერია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიერაა დადგენილი და ევროკავშირის წევრი-ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.

„ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს რომ გადახედოთ, არის მხოლოდ ოთხი ქვეყანა, სადაც 3%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს. ეს არის ნიდერლანდები, დანია, ესპანეთი, იტალია. სხვა სახელმწიფოებში მოქმედებს 5%-იანი, უფრო იშვიათად 4%-იანი ბარიერი, რადგან პროპორციული სისტემის პირობებში რაღაცამ უნდა დააბალანსოს ის პრობლემა, რასაც ჰქვია შესაძლო არასტაბილურობა პოლიტიკურ სისტემაში. პროპორციულ სისტემებში მთავარი სტაბილიზატორი არის სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ოპოზიციას ბარიერის დაწევა სჭირდება იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა ერთობლიობაში მოახერხონ დაახლოებით იმდენი პროცენტის მიღება, რამდენსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს.
ხუნდაძე: ევროპარლამენტის დეპუტატმა საქართველოში ოპოზიციის რევოლუციური გეგმები გასცა>>>
კობახიძის განცხადებით, პარლამეტი ფორმალურადაა მრავალპარტიული, რამდენადაც თუ რამდენიმე დეპუტატს გამოვაკლებთ, დანარჩენი ოპოზიცია არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ. ამასთან, თავად პარტიები, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავენ.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერის დაწევის პირობა დადო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასული წლის დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებდა.
„რაც შეეხება დაპირებას, ეს იყო პირობადადებული დაპირება და უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ კონკრეტული ძალები ბლოკავდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ეს იყო მათი მიმსამართით გზავნილი“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
ზურაბიშვილი: საქართველო დამთავრდება, თუ...>>>
ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად სამოქმედო გეგმა განსაზღვრა>>>
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0