ხუნდაძე: ევროპარლამენტის დეპუტატმა საქართველოში ოპოზიციის რევოლუციური გეგმები გასცა

© AP Photo / Visar Kryeziuვიოლა ფონ კრამონი
ვიოლა ფონ კრამონი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2023
გამოწერა
ჩვენი უცხოელი კოლეგები ქვეყნის შიდა ინფრასტრუქტურულ საკითხებშიც კი ერევიან, აღნიშნა დეპუტატმა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა გასცა ოპოზიციის შეთქმულება მოახლოეული საპარლამენტო არჩევნებისთვის მორიგი რევოლუციური სცენარის მომზადებასთან დაკავშირებით, დაწერა სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, რუსთაველის გამზირის აღდგენის სამუშაოებში, რაც 2024 წლიდან არის დაგეგმილი, პოლიტიკური მიზანი დაინახა. „ცენტრალური გამზირის ბლოკირება არჩევნების წელს პრობლემის გადაჭრის ტიპური საბჭოური სტილია“, – დაწერა კრამონმა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში იმალება ხელისუფლების შიში, რომ როგორმე წინ აღუდგეს მოსალოდნელ პროტესტს.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უცხოელი კოლეგები ძალიან შორს წავიდნენ და ქვეყნის შიდა ინფრასტრუქტურულ საკითხებშიც კი ერევიან. მეორე და უფრო საყურადღებო ის არის, რომ ვიოლა ფონ კრამონმა ფაქტობრივად გასცა ოპოზიციის შეთქმულება 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით - თურმე კიდევ ერთი რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან", - დაწერა ხუნდაძემ.
მისი თქმით, კრამონი ოპოზიციის ერთ-ერთი ევროპელი ლობისტია, რომელმაც საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია დააანონსა. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მისი შეფასებით, თურმე საარჩევნოდ ხალხის მიტინგების თავიდან ასაცილებლად კეთდება და ეს მიუღებელი ყოფილა მისთვის, აღნიშნა ხუნდაძემ.
„მსურს „დავამშვიდო“ ქართული ოპოზიციის ლობისტები უცხოეთში, მათ რევოლუციური სცენარი აღარ დასჭირდებათ, რადგან მათივე ჩატარებული კვლევებით, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. 1-2%-იანი პარტიები კი ქვეყანაში რევოლუციას ვერ აწყობენ. სახალხო მღელვარებას ხალხი სჭირდება! ხალხი კი მათ არ ჰყავთ!", - განაცხადა ხუნდაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. გამსვლელი ბარიერი 5%–ია. პარტია, რომელიც ამომრჩევლების ხმების ნახევარს მიიღებს, შეძლებს პრემიერობის კანდიდატის წამოყენებას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
„2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს და ქვეყანას არ დააბრუნებს სისხლიან წარსულში," - დაწერა დეპუტატმა.
„ვინ ეკითხება კრამონს?“ – მდინარაძე ევროპარლამენტარის განცხადებაზე>>>
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 15 ნოემბერს განაცხადა. გამზირის რემონტი 2024 წელს დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება. სამუშაოები სამ ეტაპს მოიცავს.
ვიოლა ფონ კრამონი და საქართველო
ვიოლა ფონ კრამონმა მაისში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ყველა პირობა, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.
ევროდეპუტატი მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან გაიმართა. გრიგორიადისი დაკავებულია თბილისში 7–9 მარტის აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო.
გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. მან ასევე ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას.
ევროპარლამენტის დეპუტატი საქართველოში დაძაბულობის კერების შექმნას უწყობს ხელს - მდინარაძე>>>
მოგვიანებით, ივლისში ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური ევროპული ტიპის თაობაა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მას ევროპული მომავალი სურს. ევროდეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს თაობა ცვლილებებს მოიტანს.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მიზნის მიღწევაში, ის აპირებს გააგრძელოს ბრძოლა საქართველოსთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
ვიოლა ფონ კრამონმა სექტემბერში განაცხადა, რომ ქართველი ხალხი, მთავრობისგან განსხვავებით, იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. მისი თქმით, დროა, მიიღონ სიგნალი ქართველი ხალხისგან და დაიწყოს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.
როგორც ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კრამონი საქართველოს ხელისუფლების მიმართ აგრესიით გამოირჩევა და თავისი განცხადებებით ქვეყანაში დაძაბულობის კერებს ქმნის.
ყველა ახალი ამბავი
0