ფარმაცევტული ბაზრის შემოსავლების 73% ანალოგებზე მოდის

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის შემოსავლების დიდი ნაწილი - 73% გენერიკებზე მოდის, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ჭარბობს (დაახლოებით 50%), ნათქვამია კომპანია „გეფას" ანგარიშში, იუწყება „ბიზნეს პორტალი".
გენერიკი – სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ისეთ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც მწარმოებელი კომპანიის მიერ დაპატენტებული წამლის შემადგენლობის იდენტურია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და დიდი ბრიტანეთი, ფარმაცევტული ბაზრის დიდი წილი სწორედ გენერიკებს (80%) უკავია.
კომპანიის ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის სულ დაახლოებით 100 იმპორტიორია. საერთო იმპორტის 70% "გეფაზე" მოდის.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე, რომლის თანახმად 2022 წლის იანვრიდან თურქეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალში შევიდა, რომლებთანაც საქართველოს ე.წ. პარალელური იმპორტის რეჟიმი აქვს. შესაბამისად, თურქეთში დარეგისტრირებული მედიკამენტები ავტომატურად, დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე საქართველოში აღიარებულია.
ინიციატივის მთავარი მიზანია ქვეყანაში ფარმაცევტული პროდუქტების მრავალფეროვნებისა და წამლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა.
რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაიზარდა>>
რაც შეეხება რეფერენტულ ფასებს, რომლებიც საქართველოში 2023 წლის 5 იანვრიდან ამოქმედდა, „გეფას" ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალი ინიციატივის თანახმად, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ ორი მიმართულების ფარმაკოლოგიური პროდუქტებზე - გენერიკებისა და ორიგინალების - მაქსიმალურად საცალო ფასი დანერგა.
მაქსიმალური ფასები, რომლის ზემოთ აფთიაქს წამლის გაყიდვა არ შეუძლია, ოთხ ქვეყანაში - ბულგარეთი, ლატვია, მაკედონია და მონტენეგრო - არსებული საშუალო ფასებით დადგინდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში წარმოებული წამლების წილი 14%-ია. ეს მაჩვენებელი 2000-იანი წლების დასაწყისში დაახლოებით 5% იყო.
რეფერენტული ფასები
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
თურქეთი, ინდოეთი და ბულგარეთი - საიდან შემოაქვთ მედიკამენტები საქართველოში>>
საქართველოში იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფომ რეფერენტული ფასები შემოიღო, გაიზარდა და ამჟამად სიაში 3,2 ათასზე მეტო დასახელებაა.
ამ დროისთვის რეფერენტული ფასები ვრცელდება ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე. უკვე არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს დაემატა ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ჩამონათვალი ეტაპობრივად გაიზრდება და ყველა მედიკამენტი, რომელსაც მოსახლეობა აქტიურად მოიხმარს, ამ კატეგორიაში შევა. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება 40%-ით შემცირდა.
საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.
ყველა ახალი ამბავი
0