China Import Expo – საქართველომ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

© Ministry of Agriculture of Georgiaგამოფენა China International Import Expo შანხაიში
გამოფენა China International Import Expo შანხაიში - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
გამოწერა
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობენ
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (China International Import Expo) მონაწილეობს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოფენაში, რომელიც 8-10 ნოემბრის პერიოდში ტარდება, 150-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და ბიზნეს-დელეგაცია მონაწილეობს - ვიზიტორების რაოდენობა 700 ათასს აღწევს.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ღონისძიებაზე 40-მდე ქართული კომპანია ორ მასშტაბურ პავილიონშია წარმოდგენილი - საკვებისა და სასმელის, ასევე საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონებში. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ქართული ღვინო, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქტი, ასევე, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები, საბავშვო ტანსაცმელი.
შანხაიში საქართველოს დელეგაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობს.
„ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის ძალზე მჭიდრო და ნაყოფიერი. განსაკუთრებით ხაზგასასმელია მიმდინარე წლის ზაფხულში პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაცხადებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ინიციატივა, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას“, - განაცხადა შამუგიამ.
ქართული ბიზნესის პავილიონების პარალელურად, საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს გამოფენის დამთვალიერებლები კიდევ ერთ პავილიონში გაეცნობიან. ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საინფორმაციო სტენდი, მათ შორის: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო, მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს რკინიგზა. ეროვნული პავილიონის სტუმრები ვიდეორგოლებით და საინფორმაციო ბუკლეტებით საქართველოს ტურისტულ, საინვესტიციო, სატრანსპორტო პოტენციალს ეცნობიან.
მინისტრმა ეროვნულ პავილიონში ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძის უმასპინძლა.
შეძლებს თუ არა საქართველო სათანადო სარგებლის მიღებას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით>>>
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოფენაზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ადასტურებს სტრატეგიულ პარტნიორობას და იძლევა საფუძველს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ლინგ ძიმ გამოხატა ჩინური მხარის მზადყოფნა ხელი შეუწყოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, განსაკუთრებით ქართული ღვინის ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე.
საქართველო ჩინეთთან ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვაჭრობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის.
საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
ყველა ახალი ამბავი
0