საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა – ბრეგაძე

© Parliament of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
მინისტრმა ბოლო 10 წელიწადში საქართველოს სასამართლო სისტემის პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ამასთან, მინისტრმა საქართველოს სასამართლო სისტემაში პროგრესი აღნიშნა და ასევე პრობლემების არსებობა აღიარა.
„ჩვენც გვაქვს ბევრი გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი და გადაწყვეტა. რეფორმები არის უწყვეტი პროცესი. მთავარია, შევძლოთ და დავინახოთ მიმართულება, საითკენ წავედით 2012 წლიდან დღემდე. გრძელდება თუ არა ეს პროგრესი? ნათლად ვხედავ, რომ ჩვენ მივდივართ წინ სასამართლო ხელისუფლების გაუმჯობესების კუთხით, ეს არის ცალსახა“, – განაცხადა ბრეგაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
დეპუტატი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საჭიროა მთლიანად რეგიონისთვის>>
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
სასამართლო რეფორმა
რეფორმების გატარება სასამართლო სისტემაში ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მესამეა. რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ყველა ცვლილება ამ მიმართულებით სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის – საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე ევროპის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს რეკომენდაციებს.
ივნისის ბოლოს ევროკომისიის შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ რეკომენდაციების მესამე პუნქტი ნაწილობრივ არის შესრულებული და საქართველომ გაწეული მუშაობის შედეგები მეორე შეფასების მისაღებად ვენეციის კომისიას უნდა გაუგზავნოს, ასევე შეავსოს ვაკანტური ადგილები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურებიან>>
ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭო მთლიანად დაკომპლექტებულია, ვენეციის კომისიის დასკვნა კი ნაწილობრივ დადებითი აღმოჩნდა. კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთლიადა რეფორმირების რეკომენდაციას იძლევა.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო მეტ კონკრეტიკას ელოდება სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიის შენიშვნებთან დაკავშირებით, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებებზე. მან აღნიშნა, რომ კომისიის წარმომადგენლებს არ აღუნიშნავთ, ეს რას ნიშნავს.
მიუხედავად ამისა, ვენეციის კომისიამ ხუთიდან ორი საკვანძო რეკომენდაცია – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების შემცირებისა და მისი კომპლექსური რეფორმირების შესახებ – დაასახელა, როგორც შეუსრულებელი. „კანონში მცირე თუ ტექნიკური ცვლილებები ამ რეკომენდაციას არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში.
კომისიამ დადებითად შეაფასა მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის შესახებ რეკომენდაციის შესრულება.
რაც შეეხება რეკომენდაციას მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვის შესახებ, მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის" პრინციპის დარღვევიდან გამომდინარე, ვენეციის კომისიის განცხადებით, ის ნაწილობრივ შესრულდა.
ანრი ოხანაშვილი სასამართლო რეფორმის საკითხებზე შენიშვნების შესახებ>>
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულო ხასიათის გაძლიერების რეკომენდაციას, კომისიის რჩევაა შემდგომი ცვლილებების შეტანა, რათა ცალსახად იყოს მითითებული, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.
ბოლო დროს ვენეციის კომისიამ განიხილა და დასკვნა დადო კანონპროექტზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ", საარჩევნო კოდექსში შესწორებების, "საერთო სასამართლოების შესახებ" და სხვ., რომლებიც ევროკავშირის პირობების შესრულების ფარგლებში შემუშავდა.
იმის თაობაზე, რომ არ არის საკმარისი კონკრეტიკა და ამიტომ ვერ ხერხდება ევროკავშირის ყველა პირობის შესრულება, საქართველოს ხელისუფლებამ სამ პუნქტთან დაკავშირებით აღნიშნა: დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ევროკავშირს არაერთხელ მოუწოდეს განემარტათ, რა ჰქონდათ კონკრეტულად მხედველობაში.
ევროკავშირში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ევროკომისიას არ შეუძლია კონკრეტული რეფორმების შეთავაზება, ის მხოლოდ მიუთითებს ასეთ აუცილებლობაზე, ხოლო როგორ განხორციელდეს ის, ამას თავად ქვეყანა წყვეტს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანოა, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა.
ყველა ახალი ამბავი
0