ხატია დეკანოიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადატრიალება მოხდა

© photo: Sputnik / Stringerხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
როდესაც პოლიტსაბჭოდან რიცხავენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პარტიის წევრები პრაქტიკულად მისი დაარსების დღიდან იყვნენ, ეს ნიშნავს, რომ ამ პარტიაში გადატრიალება მოხდა, მიაჩნია დეპუტატს.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა გადატრიალება, რომლის შედეგად დაზარალდა პროდასავლური ფლანგი მთლიანობაში და პირადად მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განაცხადა პარტიის ყოფილმა წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.

„ეს არის ის მოცემულობა, რომელიც დადგა პარტიაში გადატრიალების შემდეგ. არასდროს ჩამითვლია, რომ ეს იყო სამართლიანი არჩევნები. როცა პოლიტსაბჭოდან რიცხავ იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიის წევრები დიდი ხანია არიან, პრაქტიკულად დაარსების დღიდან, ეს ნიშნავს, რომ ამ პარტიაში მოხდა გადატრიალება“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილმა წევრებმა, მათ შორის ეკა ხერხეულიძემ, აკაკი მინაშვილმა, გიორგი კირთაძემ, მანამდე უარი თქვეს პარტიის ახალ პოლიტსაბჭოში გაწევრიანებაზე და მისი ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენეს. საქმე ისაა, რომ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება მარტში იწურებოდა, მაგრამ პარტიის ახალი პოლიტსაბჭო ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში აირჩიეს და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, ხერხეულიძის თქმით, გამოიგონეს კვოტები საკუთარი სურვილით.
მაშინ პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, რათა პარტიას შეძლებოდა ფუნქციონირების გაგრძელება და, მათ შორის, ბიუროკრატიული პრობლემები არ შექმნილიყო.
„რადიკალური ოპოზიცია" მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს - მმართველი პარტიის თავმჯდომარე >>

„კარგად უნდა ახსოვდეს ყველა ამ ადამიანს, რომ პარტიიდან იმ ადამიანების განდევნა, რომლებიც დიდი ხანია იბრძვიან, სწორედ იმიტომ, რომ ვიღაცის პირადი ინტერესი არ დააკმაყოფილეს, არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. როცა პოლიტსაბჭოს არჩევნებზე ხდება ასეთი მძიმე მოცემულობა, აქვს თუ არა ამ პარტიას მორალური უფლება, ისაუბროს გაყალბებულ არჩევნებზე ან მოახლოებულ არჩევნებზე?!“ – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი პოლიტიკური სვლით შეძლოს ამჟამინდელი ხელისუფლების ჩანაცვლება.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბორდის შექმნის საკითხს, დეკანოიძის თქმით, ასეთი შეთავაზება მანაც მიიღო, თუმცა უარი განაცხადა.
ბორდი ერთგვარი უხუცესთა საბჭოა, რომელიც ადგენს მოძრაობის მიმართულებას და აკონტროლებს შედეგების მიღწევას, მაგრამ არ ერევა ოპერატიულ მუშაობაში.
„რაღაც ბორდი უნდა შექმნილიყო, გადაენაწილებინა თავმჯდომარის ფუნქციები, ამ დროს რა საჭიროა თავმჯდომარე, თუ არის ბორდი, ჩემთვის გაუგებარია. მე ამ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი რამდენიმე თვის წინ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
დეპუტატი: ხაბეიშვილი ერთი ფეხით „ვივამედშია", მეორე ფეხით - კვიპროსში>>
უარის მიზეზად დეკანოიძემ დაასახელა ის, რომ ამჟამინდელი თავმჯდომარის პირობებში, რომელიც პარტიას სათავეში კონკრეტული ჯგუფის დახმარებით ჩაუდგა, „ნაცმოძრაობა“ არ არის ისეთ ფორმაში, რომ სერიოზული კონკურენცია გასწიოს.
„პარტიიდან კონკრეტული პირების წინასაარჩევნო გზავნილები იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სააკაშვილი თავისუფალია. მეტიც, ნებისმიერი ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სააკაშვილის სახელით ან მის გარშემო, არის მხოლოდ სიყალბე, რასაც ალბათ ამჩნევს ასევე მათი ამომრჩეველიც“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან დეკანოიძემ აღნიშნა, რომ შორსაა იმ აზრისგან, რომ ამ ყველაფერს არ უჭერდა მხარს სააკაშვილი, და მიაჩნია, რომ ექს-პრეზიდენტმა ყველაფერი იცოდა.
„ძალიან დიდი შეცდომაა, როცა ამხელა პარტია იხლიჩება, ტარდება არჩევნები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს არჩევნებთან. როცა მიშა გათავისუფლდება, მერე მოგვეცემა იმის დადასტურების საშუალება, თუ რაში აწყობდა და რატომ იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ რამე დაზიანდა, ეს იყო პროდასავლური ფლანგი მთლიანად და მიხეილ სააკაშვილი პირადად“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. ნიკა მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
ხაბეიშვილის წინადადება და მელიას პასუხი - რა ხდება „ნაცმოძრაობაში"? >>
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
ყველა ახალი ამბავი
0