კლინიკები, რომლებიც მედპერსონალს ხელფასს არ გადაუხდიან, სამმაგად დაჯარიმდებიან

© Georgian Labour Inspectionბექა ფერაძე
ბექა ფერაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკები ვალდებული არიან თანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარზე არანაკლები ხელფასი დაუნიშნონ.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. სამჯერ იზრდება ჯარიმები იმ კლინიკებისთვის, რომლებიც უარს იტყვიან სამედიცინო პერსონალისთვის კუთვნილი ხელფასის გადახდაზე, იუწყება ტელეკომპანია Palitranews შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსზე ბექა ფერაძეზე დაყრდნობით.
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასი დაწესდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულებებმა ექიმებს საათში მინიმუმ 7 ლარი, ხოლო ექთნებს – 4,4 ლარი უნდა გადაუხადონ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასები იზრდება >>
ფერაძის განმარტებით, საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართულ კლინიკას თანხები არ ჩაერიცხება ჯანდაცვის სამინისტროდან მანამ, სანამ მედპერსონალს კუთვნილ ხელფასს სრულად არ გადაუხდის.
ფერაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2024 წლიდან რეფორმა გავრცელდება სამედიცინო დაწესებულებების სხვა თანამშრომლებზეც. ახალი რეფორმა ჯანდაცვის სფეროს 6 ათასამდე თანამშრომელს შეეხება.

„შემდეგ კი ამ რეფორმის წარმატებულობამ მოგვცა შესაძლებლობა, 2024 წლიდან უფრო გავაფართოვოთ პროგრამა, გავრცელდეს სხვა სამედიცინო პერსონალზე. ეს არის უმცროსი ექიმი, ექთნის დამხმარე, ბებიაქალი და სხვ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად მოვიცავთ სტაციონარში მყოფ სამედიცინო პერსონალს“, – განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, 2023 წელს შრომის ინსპექციამ 350-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა. რეფორმა დაახლოებით 15 ათას ადამიანს შეეხო.
პროტესტი დასრულდა - რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს >>
ინსპექტორები ახორციელებენ როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ შემოწმებას. ნებისმიერ დასაქმებულს შეუძლია მიმართოს შრომის ინსპექციას და აცნობოს, რომ არ გადაუხადეს ან არასრულად გადაუხადეს ხელფასი. ფერაძის თქმით, კონფიდენციალურობა გარანტირებული იქნება.

„მყისიერი რეაგირება გვექნება. სანქციები საკმაოდ მკაცრია – შესაძლებელია სამმაგი ოდენობის დაკავება, შეიძლება სოლიდური თანხა იყოს“, – განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება დაემორჩილება დადგენილ წესებს. რეფორმა ორიენტირებულია სამედიცინო პერსონალის შრომით კეთილდღეობასა და ხარისხიან ჯანდაცვაზე.
შრომის ინსპექციის თანამშრომლებს შეუძლიათ განახორციელონ სრული ინსპექტირება სამედიცინო დაწესებულებებში და შეისწავლონ არა მხოლოდ შრომითი უფლებების აღსრულების, არამედ სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასის საკითხი.
აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს მოსახლეობის 94%-ს მოემსახურა >>
კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს ექიმებისა და ექთნების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს, შესაბამისად, თუ აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ მათ მოვალეობები შეუმცირდათ ხელფასების შემცირების მიზნით, ინსპექტორები ამას ჩათვლიან დარღვევად, დააჯარიმებენ კლინიკას და დაავალდებულებენ სრულად გადაუხადონ ხელფასი სამედიცინო პერსონალს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დამსაქმებლების ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ მოქმედებაზე ინსპექტორები მკაცრ რეაგირებას მოახდენენ და ყველა დასაქმებული პირის უფლებები დაცული იქნება კანონის შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0