როცა ქვემეხები ქუხს, ტურიზმი დუმს - ექსპერტი ქართული ტურიზმის გამოწვევებზე

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
გამოწერა
ექსპერტმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აისახა საქართველოს ტურიზმის სფეროზე უკრაინასა და ისრაელში არსებული მდგომარეობა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. არასტაბილური ვითარება რეგიონში, კერძოდ, კონფლიქტები ისრაელსა და უკრაინაში, რომლებიც ტერიტორიულად საქართველოსთან ახლოს არიან, უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურიზმზე, განაცხადა ტურიზმის სფეროს ექსპერტმა ნიკო კვარაცხელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
ისრაელი იმ ტოპ-5 ქვეყანაში შედის, საიდანაც წლის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა – 38%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს, ანუ პანდემიამდე. ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელიდან ტურისტების ჯავშნები უქმდება.

„ვითარება ქართული ტურიზმისთვის სავსეა უარყოფითი შედეგებით. ისრაელი საქართველოსთან ძალიან ახლოსაა, ისევე, როგორც უკრაინა. და ტურისტები რუკაზე ამას ხედავენ, რაც ხდება საბაბი იმისა, რომ თავი შეიკავონ საქართველოში ჩამოსვლისგან. როცა ქვემეხები ქუხს, ტურიზმი დუმს, და არავის უნდა წასვლა იქ, სადაც ისვრიან", – განაცხადა კვარაცხელიამ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სიტუაცია რეგიონში ნეგატიურ გავლენას ახდენს ზამთრის ტურიზმზეც საქართველოში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტებს ევროპულ კურორტებთან კონკურენციის გაწევა შეუძლიათ, სეზონის დადებითად წარმართვის იმედი მაინც არის.

„ზამთრის ტურიზმზე ეს, რასაკვირველია, იმოქმედებს, მაგრამ მსოფლიოში ზამთრის ტურიზმისთვის არცთუ დიდი არჩევანია. საქართველო ფასების მიხედვით ძვირადღირებულ ევროპულ კურორტებს კონკურენციას უწევს, გარდა ამისა, ქვეყანაში გვაქვს ის, რაც მათ არა აქვთ – ჰელი-სკის მომსახურება, რომელიც გუდაურში მოქმედებს", – აღნიშნა კვარაცხელიამ.

ჰელი-სკი — სამთო-სათხილამურო სპორტის ნაირსახეობაა, რომლის არსიც მთაზე ვერტმფრენით ასვლა და ქვემოთ მომზადებული ტრასებიდან შორს, გაუკვალავი გზით დაშვებაა.
და, მაინც, კვარაცხელია მიიჩნევს, რომ ზედმეტი იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგანაც ვითარება არაპროგნოზირებადია და შეუძლებელია წინასწარ იმის გათვლა, როდის დამყარდება სიმშვიდე რეგიონში.
როგორ ჩაიარა ზაფხულის ტურისტულმა სეზონმა საქართველოში - ექსპერტის შეფასება>>
საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის წევრის გიორგი დარცმელიას აზრით, ტურისტული ნაკადები შემცირდება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტებს ისრაელიდან საქართველოს ტურისტულ დარგში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, აუცილებელია სასწრაფოდ ახალ ბაზრებზე გადაწყობა.

„უნდა მოხდეს სასწრაფოდ გადაწყობა, რომ დიდი დარტყმა არ მიადგეს საქართველოს ტურიზმის სექტორს, რომელმაც პანდემიის დროს ისედაც დიდი დარტყმა მიიღო. ევროკავშირის ქვეყნებზე უნდა გადავაწყოთ, რუსეთიდან წამოსულ ნაკადზე უარი უნდა ვთქვათ, რადგან ისინი აღარ არიან ტურისტები", – განაცხადა დარცმელიამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.

მისი თქმით, საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს ტურისტებზე ახლო აღმოსავლეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, კერძოდ, თურქეთიდან, რომლებიც უფრო ხშირად მოგზაურობენ ორგანიზებული ტურებით.
ტურიზმის წარმატებები
პანდემიის გამო ვარდნის შემდეგ ტურიზმის აღდგენა საქართველოში 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო.
გასული წელი ქართული ტურიზმისთვის ძალზე წარმატებული იყო. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნება.
გასულ წელს საქართველომ 2019 წლის რეკორდის მოხსნა მხოლოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მაჩვენებლით შეძლო – ქვეყანამ ტურიზმზე გამოიმუშავა 3,5 მლრდ დოლარზე მეტი (7,6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს).
რომელი ქვეყნის ტურისტები ლიდერობენ საქართველოში ხარჯების მხრივ: ეროვნული ბანკის მონაცემები>>
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75,9%-ით გაიზარდა და 2,8 მილიონზე მეტი შეადგინა.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 1,9 მლნ ტურისტული იყო, რაც გასული წლის პირველი ნახევრის მონაცემზე 59,6%-ით მეტია.
ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა – 582,5 ათასი 2023 წლის იანვარ-ივნისში განახორციელეს თურქეთის მოქალაქეებმა. ეს რაოდენობა 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.
მეორე ადგილზე არიან რუსეთის მოქალაქეები – ამავე პერიოდში მათ განახორციელეს 577,6 ათასი ვიზიტი, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 133,7%-ით მეტია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2023 წლის პირველ ნახევარში 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 57,9%-ით გაიზარდა.
ქვრივიშვილი: საქართველოში ტურიზმი ხელისუფლების სწორი სტრატეგიის შესაბამისად ვითარდება>>
ყველაზე მეტი თანხა – 482,1 მლნ დოლარი 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს.
ამასთან, 2023 წლის პირველ ექვს თვეში შემოსავლები რუსეთის მოქალაქეებისგან წინა წელთან შედარებით გაიზარდა 120,4%-ით, თურქეთის მოქალაქეებისგან – 142,6%-ით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისგან – 78,6%-ით.
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
ყველა ახალი ამბავი
0