საქართველოში კორუფცია კონტროლდება უკეთესად ვიდრე ევროპაში - მთავრობის ადმინისტრაცია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2023
გამოწერა
კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 68% დაიმსახურა და მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილი დაიკავა
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 5 სახელმწიფოს, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მსოფლიო ბანკმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები. კვლევა, რომელიც „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ (The Worldwide Governance Indicators, WGI) მეთოდოლოგიით არის მომზადებული, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის და რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით.
„კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 68% დაიმსახურა და მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილი დაიკავა. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 5 სახელმწიფოს“, - განაცხადა ჯაველიძემ.
მისი თქმით, კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, შვედეთი, პორტუგალია, ბელგია, ალბანეთი, სლოვენია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ კრიტერიუმებზე, რომლებითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე შეფასდა კორუფციის კონტროლი - ესაა სახელმწიფო სახსრების კეთილსინდისიერი განაწილება, სასამართლო გადაწყვეტილებების, ექსპორტ-იმპორტის, კომუნალური მომსახურების, სახელმწიფო კონტრაქტების და გადასახადების აკრეფის სფეროებში კანონის მოთხოვნების მიღმა გადასახადებისაგან თავისუფლება და სხვ.
„კორუფციის კონტროლით საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება და მეორე ადგილზეა“, - განაცხადა ჯაველიძემ.
მისი თქმით, კანონის უზენაესობის კუთხითაც საკმაოდ მაღალი და შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
„აქაც, 100%-იანი შეფასების სისტემა იყო და საქართველომ 64% მიიღო. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შეფასდა, 29-ე ადგილზეა ჩვენი ქვეყანა გლობალურად და ევროპაში მე-14 ადგილზე. კანონის უზენაესობის რეიტინგით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 ქვეყანას, მათ შორის, დიდი შვიდეულის 3 სახელმწიფოს“, - განაცხადა მან.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კანონის უზენაესობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლებაზე, ბიზნესის დაცულობა, კრიმინალით და ძალადობით გამოწვეული დანახარჯებისგან, საკანონმდებლო ბაზის ეფექტურობა, საკუთრების უფლება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხები და ასევე არაფორმალური სექტორის მდგომარეობა.
კორუფციასთან ბრძოლა – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მე-4 პირობის შესრულებაზე >>
როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, კანონის უზენაესობით საქართველო რეგიონში ასევე ლიდერი სახელმწიფოა, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ესტონეთს და ლიეტუვას ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.
გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში საქართველო ასევე ძალიან მაღალი შეფასება მიიღო. საქართველომ 100%-ან 68% მიიღო და სახელმწიფოებს შორის მე-9 ადგილზე, ხოლო ეკონომიკებს შორის მე-7 ადგილზე გავიდა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს უსწრებს მხოლოდ ორი სახელმწიფო - ფინეთი და ლუქსემბურგი.
საქართველოს სპორტის სამინისტრო ფედერაციებში კორუფციასთან ბრძოლას აგრძელებს >>
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხი“ შეფასდა ორი კრიტერიუმით - სამთავრობო რეგულირების ტვირთი და არასატარიფო ბარიერების გავრცელება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა „გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის“ ფარგლებში.
როგორც დასასრულს დასძინა ჯაველიძემ, საქართველოს პოზიციები აღნიშნულ რეიტინგებში მთავრობის „სწორი, ეფექტიანი რეფორმების შედეგია“.
ყველა ახალი ამბავი
0