პრეზიდენტის იმპიჩმენტი - როდის გამოიტანს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო

© courtesy of Beka Andria Devnozashviliსაქართველოს პირველი კონსტიტუცია
საქართველოს პირველი კონსტიტუცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
გამოწერა
მიუხედავად მმართველი პარტიის წარმომადგენლების მცდელობისა, პრეზიდენტის უარი სხდომაში მონაწილეობაზე წარმოედგინათ, როგორც სასამართლოსადმი უპატივცემულობა, სასამართლომ საკმარისად ჩათვალა მისი წარმომადგენლების დასწრება.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საქმის განხილვა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ და ახლა სასამართლოს პლენუმმა 14 ოქტომბრამდე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში საზღვარგარეთ შეხვედრების დროს ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 12 სექტემბერს მიმართეს.
მმართველი პარტია პრეზიდენტს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევას ედავება. კონსტიტუციის ამ მუხლში ნათქვამია: „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს".
მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ გერმანიაში, პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტების დროს საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და აწარმოებდა მოლაპარაკებებს. პრეზიდენტის მხარე კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა, რაც პრეზიდენტის სტატუსის შესახებ კონსტიტუციის მუხლით არის გათვალისწინებული. კერძოდ, ამ მუხლში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყანას წარმოადგენს.
პროცესი სამი დღე მიმდინარეობდა და ამ პერიოდში ორივე მხარე ცდილობდა ცხრა მოსამართლე თავის პოზიციაში დაერწმუნებინა. განხილვას მთლიანობაში 45 საათი დასჭირდა და მისი დიდი ნაწილი მხარეების გამოსვლას, მათ შორის დისკუსიასა და მოსამართლეების კითხვებზე პასუხებს დაეთმო.
ერთადერთი მიწვეული სხდომაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იყო, როგორც მხარე, რომელიც პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე თანხმობას აძლევს.
საინტერესო ფაქტები სასამართლოს დარბაზიდან
დარბაზში არ იმყოფებოდა თავად საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინტერესების წარდგენა იურისტებს თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს დაავალა.
თამარ ჩუგოშვილი დიდი ხანი მუშაობდა არასამთავრობო სექტორში, ხოლო კოპალეიშვილი – სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში.
მიუხედავად მმართველი პარტიის წარმომადგენლების მცდელობისა, პრეზიდენტის უარი სხდომაში მონაწილეობაზე წარმოედგინათ, როგორც სასამართლოსადმი უპატივცემულობა, სასამართლომ საკმარისად ჩათვალა მისი წარმომადგენლების დასწრება და გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი სხდომაზე არ გამოეძახა.
მმართველ პარტიას, რომელმაც სარჩელი შეიტანა, სასამართლო სხდომაზე წარმოადგენდა პარლამენტის ოთხი დეპუტატი: „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი კობახიძე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დეპუტატები გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლელ კოლეგებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიზეზები აუხსნა>>
ამასთან, კოპალეიშვილმა და ჩუგოშვილმა ერთმანეთში არა მარტო პასუხების გაცემის უფლება გაინაწილეს, არამედ დასკვნითი სიტყვაც, ხოლო მმართველი ძალის სპიკერი უშუალოდ ირაკლი კობახიძე იყო.
სხდომების მთელი სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არაერთხელ მოუწია მხარეების პოლიტიკური კამათის შეწყვეტა და პოლიტიკური ბრალდებების წამოყენების აკრძალვა. თუმცა, მსგავსი ინციდენტები სხდომის მიმდინარეობის სამივე დღეს ხდებოდა და მხარეები ხშირად გადადიოდნენ პირად მოტივებზე.
სხდომაზე 15 საათზე მეტი დაეთმო მხარეების პასუხებს სასამართლოს პლენუმის წევრების კითხვებზე. დანარჩენ დროს მხარეები ან თავიანთი არგუმენტებით გამოდიოდნენ, ან ერთმანეთს კითხვებს უსვამდნენ.
ამასთან, რეგლამენტის შესაბამისად, სასამართლო თავად ირჩევდა, მხარეთა რომელი არგუმენტი ეხებოდა საქმეს და რომელი არა, მხარეებს არ ზღუდავდა ფაქტების მოყვანისა და ისტორიული და საკანონმდებლო ცნობების მიწოდების დროს.
პრეზიდენტი დამნაშავეა?
პრეზიდენტის სტატუსი გულისხმობს სამ კომპონენტს – პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და საქართველოს წარმომადგენელი. და კონსტიტუციის მუხლის სათაური „პრეზიდენტის სტატუსი" განსაზღვრავს, რომ საუბარია სტატუსზე და არა უფლებამოსილებაზე, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის ნორმა არ გულისხმობს ძლიერი პრეზიდენტის სტატუსს უსაზღვრო უფლებებით, და არის მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მისი სტატუსის ფარგლებში, როგორც ამას საერთაშორისო ექსპერტები მოითხოვენ.
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილსა და „რადიკალებს“ შორის პოლიტიკური ალიანსი ჩამოყალიბდა>>
კობახიძის თქმით, პრეზიდენტის სტატუსს არ განსაზღვრავს არც მუხლი საქართველოს ევროკავშირში მისწრაფების შესახებ, რადგანაც იქ არის შეზღუდვები უფლებამოსილების ჩარჩოს მხრივ.
მისი თქმით, თუ სტატუსიდან გამომდინარე განვიხილავთ, საქართველოს პრეზიდენტს აქვს უსაზღვრო ძალაუფლება და შეუძლია, მაგალითად, პარლამენტის დათხოვნა, რაც მართვის საპარლამენტო ფორმის აზრს ეწინააღმდეგება.
„სადაც კი პრეზიდენტი წარდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო ურთიერთობებში, ის ყველგან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს. და როდესაც საუბარია სამ ვიზიტზე, პრეზიდენტმა ნამდვილად განახორციელა წარმომადგენლობითი ფუნქციები და ნამდვილად აწარმოებდა მოლაპარაკებებს", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში იგულისხმება არა მხოლოდ მოლაპარაკებები შედეგის მისაღწევად, არამედ ნებისმიერი დიალოგი და კომუნიკაცია.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მთავრობისადმი მიმართვაში ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობდა მოლაპარაკებების წარმოებაზე, რაც დარღვევის პირდაპირი დამადასტურებელი ფაქტია, რადგან მან შეხვედრები მთავრობის თანხმობის გარეშე გამართა.
გამოკითხვა
ადევნებთ თუ არა თვალს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას?
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ამ პრაქტიკაზე მთავრობის თანხმობა არ არსებობს საერთაშორისო სტუმრების ვიზიტის დროს და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ამ თემაზე საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების გამართვას აპირებს.
კობახიძის თქმით, ის მომხრეა, რომ ყველაფერი დაზუსტდეს კანონმდებლობაში, და რომ ის ჰარმონიაში იყოს კონსტიტუციასთან, თუმცა ეს საკითხი კონსულტაციებს მოითხოვს.
მან აღნიშნა, რომ კონსტიტუციის აღსრულების პრაქტიკაში ამ საკითხში ნამდვილად არის ნაკლოვანებები.
პრეზიდენტი უდანაშაულოა
პრეზიდენტის წარმომადგენლები მთელი სხდომის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციის 49-ე მუხლს პრეზიდენტის სტატუსის შესახებ მნიშვნელობა აქვს.
კოპალეიშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მისცემს პრეზიდენტს უფლებას, იყოს არაქმედუნარიანი პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში და მთავრობის ნებართვის მძევალი. სახელმწიფოს მეთაურს არ შეუძლია მთავრობის გადაწყვეტილების ლოდინი ყველა შემთხვევაში, აღნიშნა მან.
უფლებამოსილებები VS სტატუსი - საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი გრძელდება>>
„დიდი იმედი მაქვს... საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში და მძევალი იყოს მთავრობის ნებართვის. წარმოუდგენელია, სახელმწიფოს მეთაური ელოდებოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას", – განაცხადა კოპალეიშვილმა.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა, მართალია, ითხოვა თანხმობა მთავრობისგან ვიზიტებზე, მაგრამ მისი ყველა ვიზიტი უშუალო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასთან იყო დაკავშირებული.
პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმართვა დარღვევების შესახებ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და კონსტიტუციის დარღვევას არ უკავშირდება.
ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტი მოქმედებდა თავისი სტატუსის ფარგლებში, არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს და არ განუხორციელებია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია გაბრაზებულია პრეზიდენტზე მისი განცხადების გამო.
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი აღარ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტობას>>
„დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მოექცევა პოლიტიკურ პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლოში როდესაც გადმოვიდა ეს საკითხი, შეიძინა სამართლებრივი სივრცე, სადაც არსებობს მოლოდინი, რომ ჯეროვანი პროცედურის დაცვით გამოიკვლევს ამ ყველა სამივე ფაქტს, ფაქტობრივ გარემოებას, შეაფასებს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმებთან მიმართებით და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას", – განაცხადა კოპალეიშვილმა.
რა იქნება შემდეგ
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში "იმპიჩმენტის შესახებ".
თუ იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდება და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად დარჩება, პარლამენტი მზადაა, ეს აღიაროს.
„ბუნებრივია, ჩვენი მიზანია დეპუტატების დარწმუნება იმაში, რომ მათაც ჩვენსავით პრინციპულად დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ლუსტრაცია მოხდება, როდესაც პარლამენტის სხდომაზე გავა ეს საკითხი. ვნახავთ, ვინ დგას კონსტიტუციის სადარაჯოზე და ვინ არ დგას. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, ეს არის კონსტიტუციური მიზანი, საქართველოს პრეზიდენტის გადაყენება. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს პოლიტიკურად შეიძლება არ იყოს რეალისტური ამოცანა, საბოლოოდ გადაწყვეტილებას თავისუფალი მანდატის ფარგლებში 150 დეპუტატი მიიღებს", – განაცხადა კობახიძემ.
იმპიჩმენტის ჩავარდნის შემთხვევაში პრეზიდენტი თანამდებობაზე კიდევ ერთი წელი დარჩება, აღნიშნა მან.
„ოცნება" და „ნაცმოძრაობა“ იმპიჩმენტზე ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ - გახარიას პარტია>>
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს. პარტიებსა და იმ საპარლამენტო ჯგუფებს, რომლებმაც უარი უკვე თქვეს იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე, ჯამში 36 ხმა აქვთ.
ამგვარად, მმართველ პარტიას შეიძლება მხოლოდ 8 დამოუკიდებელი დეპუტატის და პოლიტიკური ჯგუფების „ევროპული სოციალისტების", „გირჩისა" და „თავისუფლების" იმედი ჰქონდეს, სადაც ჯამში 10 კანონმდებელი შედის.
ამათგან იმპიჩმენტის მხარდაჭერის თაობაზე მხოლოდ პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპულმა სოციალისტებმა" განაცხადა. ჯგუფში ოთხი დეპუტატია.
ყველა ახალი ამბავი
0