უფლებამოსილებები VS სტატუსი - საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი გრძელდება

© courtesy of Constitutional Court of Georgiaსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საქმეზე იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მეორე დღე მხარეებს შორის დებატებით დასრულდა, თუმცა დასკვნითი გამოსვლები 5 ოქტომბრისთვის გადაიდო.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში საზღვარგარეთ შეხვედრების დროს ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 12 სექტემბერს მიმართეს. მათი აზრით, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც ეხება მთავრობის თანხმობის გარეშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების და საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმართვის აკრძალვას.
4 ოქტომბერს გამართულ განხილვაზე მხარეებმა ძირითადი აქცენტი ქვეყნის კონსტიტუციის ორ მუხლზე გააკეთეს.
პირველი მუხლი (49-ე) პრეზიდენტის სტატუსს ეხება და წერია: „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“.
მეორე მუხლი კი (52-ე) არეგულირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. პრეზიდენტს სწორედ აღნიშნული მუხლის სამი ეპიზოდის დარღვევაში სდებენ ბრალს.

კონსტიტუციის ამ მუხლში ნათქვამია: „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს".

სასამართლოზე ყველა საკითხი საბოლოოდ კონსტიტუციის ამ ორ მუხლს ეხებოდა. მხარეებს სასამართლოსთვის თავიანთი პოზიციის ახსნა მოუწიათ.
ამასთან, რეგლამენტის თანახმად, მხარეების მიერ ფაქტების წარმოდგენის შეზღუდვის გარეშე სასამართლო თავად ირჩევდა მხარეთა არგუმენტებიდან რომელი ეხებოდა საქმეს და რომელი არა.
„ქართული ოცნების" არგუმენტები
მმართველ პარტიას, რომელმაც სარჩელი შეიტანა, სასამართლო სხდომაზე წარმოადგენდა პარლამენტის ოთხი დეპუტატი: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი კობახიძე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დეპუტატები გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
მოსამართლეთა კითხვებს ირაკლი კობახიძე პასუხობდა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მთავრობის ნდობა დაკარგა და ამიტომაც ვერ მიიღო ვიზიტების განხორციელებაზე თანხმობა.

„მთავარი კრიტერიუმი, როცა მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს – ნდობაა. თუ მე მსურს ჩემი კომპეტენციის გაზიარება, ამ ადამიანს უნდა ვენდო. პრეზიდენტმა კი 26 მაისს (საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს) სიტყვით გამოსვლისას ბოდიში მოიხადა ხელისუფლების ქმედებებისთვის, რითაც ნდობასთან დაკავშირებული ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. მან იგი მთლიანად დაკარგა, შესაბამისად, მთავრობისთვის მიუღებელია მიანდოს მას ის, რაზეც თავად ეკისრება ექსკლუზიური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტი აღნიშნულ თანამდებობას არ იმსახურებს.

„როდესაც იმპიჩმენტის პროცედურას ვიწყებთ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი აღარ არის ამ თანამდებობის ღირსი. იმიტომაც მივმართეთ სასამართლოს, რადგანაც ჩვენი გადმოსახედიდან ის აღარ არის პრეზიდენტობის ღირსი. თქვენგან ვითხოვთ ფაქტის დადასტურებას, კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას, რასაც შემდეგ უნდა მოჰყვეს კონსტიტუციის მიხედვით შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

პოლიტიკოსმა პრეზიდენტი კონსტიტუციის სისტემატურ დარღვევაში დაადანაშაულა.

„იმპიჩმენტის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევამ სისტემატური, გაუსაძლისი ხასიათი და ფორმა მიიღო“, – აღნიშნა მან.

სასამართლო პროცესის მეორე დღეს დეპუტატი დაჟინებით აგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები და შეხვედრები გერმანიის პრეზიდენტ ოლაფ შოლცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან იყო პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და არა მისი სტატუსის გამოვლინება.

„სტატუსი არის სტატიკური მდგომარეობა და იძლევა პასუხს კითხვაზე, ვინ არის პრეზიდენტი. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და ის თანამდებობის პირი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. ეს არის პასუხი, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი. რაც შეეხება უფლებამოსილებებს, გაწერილია სხვა მუხლში და იქაც არის პასუხი, თუ რისი უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტის სტატუსი ვერ იქნება უფლებამოსილებად განმარტებული, და ეს ნახსენებია ბევრ ქვეყანაში, სადაც მმართველობის საპარლამენტო თუ მონარქიული ფორმაა.

„სტატუსი უნდა იყოს გამყარებული უფლებამოსილებებით და სწორედ ამით განისაზღვრება განსხვავება საპარლამენტო მმართველობასა და საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას შორის. საპარლამენტო რესპუბლიკაში სტატუსი არ არის გამყარებული უფლებამოსილებებით, სხვა სისტემებში კი გამყარებულია“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და არ შეუძლია ამ თემაზე მოლაპარაკებების გამართვა.

„ის, რა თქმა უნდა, არ გადადგება თანამდებობიდან, თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, რადგანაც არ არის პასუხისმგებელი და თუ პასუხისმგებელი არ არის, არც უნდა იაროს, ან, მინიმუმ, უნდა იაროს მათი თანხმობით, ვინც პასუხისმგებელია", – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის შიდა შეხვედრებს, კობახიძის თქმით, საუბარია „ხელისუფლების მდუმარე თანხმობაზე“.

„ფაქტობრივად, პრეზიდენტის შეხვედრებზე ქვეყნის შიგნით მთავრობა იძლევა მდუმარე თანხმობას. თავად ეს პრაქტიკა არ მომწონს და ეს ნორმები კანონში დაზუსტდება. ეს არის ხარვეზი, რომელიც აღმოფხვრას მოითხოვს, თუმცა, იგი არ არის დაკავშირებული კონსტიტუციის დარღვევასთან, რაზეც მიდის საუბარი. ასე რომ, პრეზიდენტმა იცოდა, რომ თანხმობა სჭირდებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ ეს საფრთხეს შეუქმნის მთელ საპარლამენტო სისტემას.
„რომ დავუშვათ თეორიული ვერსია, რომ თქვენ ამ წარდგინებას მხარს არ დაუჭერთ, მაშინ თავდაყირა დადგება საპარლამენტო მმართველობის სისტემა. კონსტიტუციის თანახმად, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და, შესაბამისად, კონსტიტუცია იცავს საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას – განახორციელოს საგარეო პოლიტიკა. თუ დადებით დასკვნას არ წარმოადგენთ, გამოდის, რომ მთავრობა არასდროს აღარ იქნება დაცული მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში და ნებისმიერ დროს ნებისმიერ პრეზიდენტს ექნება იმის საშუალება, რომ შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, რასაც ჰქვია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება", – განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტები
თავად პრეზიდენტმა საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილეობაზე უარი განაცხადა, სხდომაზე მის ინტერესებს წარმოადგენენ იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
ჩუგოშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერია. კოპალეიშვილი კი სხვადასხვა წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. იგი ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
პრეზიდენტის მხარის მთავარი არგუმენტი იყო პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და მისი, როგორც ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსის გამიჯვნა.

„ფაქტობრივი გარემოებები არის ის, რომ 2019 წლიდან მთელი ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტი გზავნიდა იგივე მოთხოვნას უფლებამოსილების მუხლის მითითებით ყველა ვიზიტთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო პრაქტიკა, რომელიც იყო გერმანიის შემთხვევაშიც. ამ ვიზიტზე უარმა პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ ეს იყო არასწორი პრაქტიკა და რომ მას საერთოდ არ სჭირდებოდა მთავრობის თანხმობა მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად, ვინაიდან იგი არ აწარმოებდა საგარეო პოლიტიკას უფლებამოსილებების შესახებ მუხლის ფარგლებში. შესაბამისად, მისი ქმედებები არ ითხოვდა არანაირ თანხმობას მთავრობისგან და მან შეწყვიტა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა იმ ტიპის ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე, რომელიც თავისი არსით არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არამედ არის ქვეყნის წარმოდგენა", – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც დადასტურება იმისა, რომ სამივე სადავო ვიზიტი წმინდა წარმომადგენლობითი ხასიათის იყო, ჩუგოშვილმა სასამართლოს წარუდგინა შეხვედრების თემები და შეხვედრების შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

„წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არის პრეზიდენტის მიერ შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

როგორც პრეზიდენტის წარმომადგენლები ამტკიცებენ, ყველა დოკუმენტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ამ შეხვედრებს ატარებდა სამუშაო ფორმატში, არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს და არ ახორციელებდა სხვა პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების მიერ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, საუბრები ეხებოდა ზოგად საკითხებს, აღნიშნეს მათ.

„49-ე მუხლის მესამე პუნქტი ყველა შემთხვევაში გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილებას – წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში, რომელიც არ გულისხმობს იმავდროულად მთავრობის თანხმობას. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს მთავრობის თანხმობით წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებას საგარეო ურთიერთობებში, რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს მთავრობა. ამ განცხადებაში ნახსენებ სამ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტი 30 აგვისტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად იწყებს ვიზიტებს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა ახალი პოლიტიკის განსაზღვრის ან შეცვლის მიზნით, არამედ მის მხარდასაჭერად“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

დაცვის მხარე საკუთარ გამოსვლას 5 ოქტომბერს გააგრძელებს, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
როდის გამოიტანენ გადაწყვეტილებას
საქმეს ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ განიხილავს პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით. პლენუმი ადაწყვეტილებას მხარეთა საბოლოო დებატების დასრულების შემდეგ, 14 ოქტომბრამდე მიიღებს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0