ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი აღარ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტობას

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
12 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა კონსტიტუციური წარდგინება უმრავლესობის 80 დეპუტატის წერილობით მოთხოვნასთან ერთად, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სისტემატურად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, ამიტომაც იგი არ იმსახურებს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა მიმდინარეობს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.

„როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისი რესურსი რომც არ გვქონდეს, თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს... ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას", – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - დასახელდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო ვადა>>>
რაც შეეხება მიზანს, კობახიძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2022 წელს გააკეთა პოლიტიკური განცხადება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
„კერძოდ, თუ არ ვცდები, 2022 წლის აპრილში მან მიმართა მთავრობას, რომ მიეღო თანხმობა ვიზიტებზე, მას ეთქვა უარი და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა შესაბამისი ვიზიტები", – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, მაშინ აღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიღებულა გამომდინარე იქიდან, რომ „რაღაც ეტაპზე პრეზიდენტმა ეს პრაქტიკა შეცვალა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ არღვევდა კონსტიტუციას".

„იგი გადიოდა კონსულტაციებს და მოგვიანებით თანხმობაც მიეცა გარკვეულ ვიზიტებზე. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ", – აღნიშნა კობახიძემ.

მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
კობახიძე: პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოავლინა>>>
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0