პრეზიდენტის იმპიჩმენტი - დასახელდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო ვადა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს 14 ოქტომბრამდე უნდა მიაწოდოს, განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 12 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა კონსტიტუციური წარდგინება უმრავლესობის 80 დეპუტატის წერილობით მოთხოვნასთან ერთად, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო. საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

„პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება 12 სექტემბერს გაგზავნა და სასამართლომ 14 სექტემბერს დაარეგისტრირა, შესაბამისად, ბოლო ვადა არის 14 ოქტომბერი, როდესაც სასამართლომ პარლამენტს დასკვნა უნდა გაუგზავნოს", – განაცხადა იმერლიშვილმა.

მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.
თავად საქართველოს პრეზიდენტი სხდომაზე არ გამოცხადდა, მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
სხდომას ესწრებიან საკონსტიტუციო წარდგენის ავტორები – პარლამენტის ოთხი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან", მათ შორის, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მოსმენის პირველი დღე საკონსტიტუციო სასამართლოში>>
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის დარღვევა სამჯერ აღიარა - ირაკლი კობახიძე>>
სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0