საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მოსმენის პირველი დღე საკონსტიტუციო სასამართლოში
00:26 04.10.2023 (განახლებულია: 03:27 04.10.2023)
© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საქმის საქართველოს ისტორიაში პირველი მოსმენა გაიმართა, თუმცა მხარეთა დასკვნითი გამოსვლები 4 ოქტომბრისთვის გადაიდო.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში საზღვარგარეთ შეხვედრების დროს ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევასთან დაკავშირებით 14 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. მათი აზრით, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც ეხება მთავრობის თანხმობის გარეშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების და საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმართვის აკრძალვას.
თავად პრეზიდენტმა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვა და საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება იურისტებს თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს გადასცა.
მმართველ პარტიას, რომელმაც სარჩელი შეიტანა, სასამართლო სხდომის პირველ დღეს წარმოადგენდა პარლამენტის ოთხი დეპუტატი: „ქართული ოცნების“ ლიდერი და საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი კობახიძე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დეპუტატები გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საქმეს იხილავს პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით. პლენუმი გადაწყვეტილებას მხარეთა შემაჯამებელი სიტყვების დასრულების შემდეგ მიიღებს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
მმართველი პარტიის არგუმენტები
„მას განზრახ და ძალიან უხეშად აქვს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია“, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა სასამართლოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს გაემგზავრა გერმანიაში და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწყო დახვედრა ოფიციალური პროტოკოლის ყველა წესის დაცვით; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შედგა სამუშაო შეხვედრა, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა“, - ამტკიცებდა კობახიძე.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მთავრობის თანხმობის გარეშე 2023 წლის 1 და 6 სექტემბერს გამართა შეხვედრები პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან და ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან.
ირაკლი კობახიძე სასამართლოში ამტკიცებდა, რომ რადგან შეხვედრები პროტოკოლით ტარდებოდა და სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა როგორც პრეზიდენტი, დაირღვა კონსტიტუციის 52-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ, სადაც ნათქვამია: „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს“.
ამასთან, „ოცნების“ თავმჯდომარეს არ დაუმალავს, რომ ვიზიტზე უარს პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა.
„რა თქმა უნდა, არსებობდა პოლიტიკურ საფუძველიც, პოლიტიკურ-კონსტიტუციური, რომ მთავრობას არ მიეცა თანხმობა პრეზიდენტისთვის ამ ვიზიტების განხორციელებაზე. მთავრობას არგუმენტაცია არ სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური არგუმენტები არსებობდა. მთავარი არგუმენტი რა არის - პრეზიდენტს და მთავრობას რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ გახმოვანდა პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2013 წელს საქართველოს საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლის შემდეგ, კონსტიტუციაში გასაგებად წერია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს წარმომადგენელია საერთაშორისო ურთიერთობებში და არ განსაზღვრავს მათ პრიორიტეტებსა და პოლიტიკას ამ მიმართულებით.
„ეს იყო მთავარი ცვლილება, რაც განხორციელდა 2013 წლიდან. ასევე, შეიცვალა პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებული ჩანაწერი. ადრე თუ ეწერა, რომ პრეზიდენტი იყო უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, მაქსიმალურად შეიკვეცა ამ სტატუსის შინაარსიც და ჩაიწერა, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში”, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო რესპუბლიკებში და მონარქიებში მონარქებმა და პრეზიდენტებმა იციან, რომ ისინი არ შეიძლება, ჩაეჭრან მთავრობას არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, აღნიშნა მან.
პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტები
პრეზიდენტის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.
„წარდგინება ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტის განხორციელება და სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების სამუშაო შეხვედრის გამართვა მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. პირველ რიგში, გაუგებარი არის ეს აქცენტი გეოგრაფიაზე. არსებობს მთელი რიგი ურთიერთობებისა, რომელიც არ წარმოადგენს 52-ე მუხლის დადენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, თუმცა გულისხმობს დიპლომატიურ ურთიერთობებს... პრეზიდენტი ახორციელებს მთელ რიგ ურთიერთობებს, რომლებიც თავისი არსით არ საჭიროებენ მთავრობასთან შეთანხმებას, არ თანხმდებოდა არასდროს და არც ერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პრეზიდენტის წარმომადგენლები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ყველა შეხვედრას გააჩნია პროტოკოლი და, მისი მიხედვით, სადავო შეხვედრების დროს პრეზიდენტს არ შეეძლო მოლაპარაკება ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება.
„საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება და თავის კოლეგა პრეზიდენტებთან შეხვედრები, გარკვეული მოსაზრებების გაცვლა ამა თუ იმ საკითხზე. საკუთარი სტატუსის ფარგლებში, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და მას ამ უფლებამოსილებას ვერავინ ვერ წაართმევს“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრაზე იყო როგორც საქართველოს წარმომადგენელი და არ ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, რაც სხვადასხვა რამეა.
„ამ კონკრეტულ სამ შემთხვევაში, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, პრეზიდენტი მოქმედებდა 49-ე მუხლის ფარგლებში (რომელიც პრეზიდენტის სტატუსს განსაზღვრავს - რედ.), მისი მოქმედება არ შეიძლება მივიჩნიოთ 52-ე მუხლის ფარგლებში (რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას განსაზღვრავს - რედ.) და ეს არ იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სადაც მას დასჭირდებოდა მთავრობის თანხმობა", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი აქცენტი გააკეთეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელების სხვაობაზე ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
„საგარეო ურთიერთობების ფარგლებში სხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ქვეყნის შიგნით, წერილის გაგზავნა, სატელეფონო თუ სხვაგვარი კომუნიკაცია. მაგალითად, წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს. თბილისში, საქართველოს ტერიტორიაზე შეხვედრები არასდროს განხილულა როგორ საკითხი, რომელიც არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და სადაც საჭირო არის საქართველოს მთავრობის თანხმობა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
კიდევ ერთი მხარე
საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლის უფლება ასევე მიიღო მთავრობის ადმინისტრაციამ, რომელსაც მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი წარმოადგენდა.
ის ცდილობდა გაეფანტა პრეზიდენტის წარმომადგენლების ეჭვი, რომ პრეზიდენტი შეხვედრების დროს მათ ლეგიტიმურობას ეყრდნობოდა პრეზიდენტის სტატუსის შესახებ იმ მუხლის საფუძველზე, სადაც ნათქვამია: „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“.
„პრეზიდენტის ყველა წერილობითი წინადადება იწყება მითითებით და რეფერირებით საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რითაც დასტურდება, რომ პრეზიდენტის მხრიდანაც გაცნობიერებულია ამ ყველა ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულოობა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
იმავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მხოლოდ საზღვარგარეთ განხორციელების ნებართვის მინიჭებას შორის არსებული სხვაობა მართლაც კანონმდებლობის ხარვეზია, მაგრამ მისი გადაჭრა სხვა დაბრკოლებებს შექმნის.
„ეს ხარვეზი გამოსასწორებელია, მაგრამ როგორც კი გამოსწორდება, ქვეყანას ახალი უხერხულობები შეექმნება. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც ჩამოვა საქართველოში, არსებული რეალობიდან გამომდინარე ახალი უხერხულობები შეიქმნება - შეიძლება მთავრობა არ იყოს იმის მომხრე, რომ პრეზიდენტს შეხვდეს საქართველოში ჩამოსული რომელიმე პრეზიდენტი და ა.შ. არის პოლიტიკური ნიუანსები, რის გამოც შეიძლება რაღაც მომენტი თვალი დახუჭო ხარვეზიანი პრაქტიკის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ამავე დროს მან დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტში უახლოეს დროს კანონმდებლობის შესწორების ინიციატივა შევა.
საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს პლენუმის სხდომაზე, პროცესის შემდეგ.