საკრებულოს დეპუტატის ცემა თბილისში – ბრალდებები, დაკავებები და გამოძიების შედეგები

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2023
გამოწერა
ირაკლი ეძგვერაძე საკრებულოში სხდომაზე მომხდარი ჩხუბიდან რამდენიმე საათის შემდეგ სცემეს.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძისა და მისი თანმხლები პირების ჯგუფურ ცემასთან დაკავშირებით პოლიციამ გლდანში ექვსი პირი დააკავა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ირაკლი ეძგვერაძის თქმით, მას 30–ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს, ხოლო დამკვეთი საკრებულოს დეპუტატი კოტე ზარნაძე იყო „ქართული ოცნებიდან“, რომელთანაც ჩხუბი რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე მოუვიდა.
ეძგვერაძის ცემის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ გლდანში, სადაც იჩხუბეს პოლიციელებთან, რომლებიც ადგილზე დეპუტატის ცემის ფაქტის გამოსაძიებლად მივიდნენ.
რა დაადგინა გამოძიებამ
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ინციდენტის მონაწილეები ცხელ კვალზე დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
ნიკა მელია დააკავეს >>
ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.
ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი). დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
რას ფიქრობენ ოპოზიციაში
გლდანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ ერთობლივი ბრიფინგი გამართა. მათ მომხდარს პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდეს და განაცხადეს, რომ ეძგვერაძის ცემის ფაქტი საკრებულოში მიმდინარე პროცესების გაგრძელებაა.
ჩვენ გვაქვს კითხვები როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, რადგან ეს იყო საკრებულოში დაწყებული ინციდენტის გაგრძელება და ეს ყველაფერი კრიტიკულ აზრს მოჰყვა, ასევე გვაქვს კითხვები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, პოლიციასთან, კახა კალაძესთან. (მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი), განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.
ოპოზიცია, ხაბეიშვილის თქმით, მოითხოვს არა მხოლოდ დამნაშავეების, არამედ მისი დამკვეთების დასჯას, ასევე თავდასხმის ორგანიზატორებს, რომლებიც უნდა ეძებონ „ქართულ ოცნებაში“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და პოლიციაში.
გარდა ამისა, ოპოზიცია წინა დღეს დაკავებული სამი პირის, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც, ხაბეიშვილის თქმით, მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ კითხვები ჰქონდათ.
თავად კოტე ზარნაძე, რომელზეც მიუთითებს ოპოზიცია, ირწმუნება, რომ მომხდართან კავშირში არ არის და დაშავებულ კოლეგას გამოჯანმრთელება უსურვა.
„საკრებულოში დაპირისპირება არის ძალიან ხშირად, ჩვენ გვაქვს განსხვავებული აზრები. სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე, მაგრამ არასდროს, არცერთი სხდომის შემდეგ ეს ქუჩაში არ გადანაცვლებულა და არ გასაულა საკრებულოს კედლებს გარეთ“, - განაცხადა ზარნაძე „ტელეიმედის“ ეთერში.
ზარნაძემ აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომელთა სახელებსა და გვარებსაც თავად დაშავებული ასახელებს, მისი ბავშვობის მეგობრები და ახლობლები არიან.
ზარნაძის თქმით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ ფაქტის მასზე გადაბრალება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია.
„ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობასა და აგრესიულ დამოკიდებულებას“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0