ნათია თურნავა: ეროვნულ ბანკს არავისი მითითება არ სჭირდება

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2023
გამოწერა
სანქციების პრაქტიკა ახალი რეალობაა, ის ხვალ და ზეგ არ დასრულდება და უახლოესი წლების განმავლობაში იარსებებს, განაცხადა თურნავამ
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს არ სჭირდება არავის მითითება, რომ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარეგულირებელი გააკრიტიკა. მან გაიხსენა უდანაშაულობის პრეზუმფცია და ამ შემთხვევის უპრეცედენტო ხასიათი, როდესაც საქმე საქართველოს მოქალაქის დასანქცირებას ეხებოდა. ოპოზიციამ კობახიძის განცხადებას მარეგულირებელზე ზეწოლა უწოდა.
„კითხვის ნიშნები გამოიწვია ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომელმაც ჩვენ გაგვაკრიტიკა. რა თქმა უნდა, საყურადღებო კომენტარი და გამოსვლა იყო მისი მხრიდან, მაგრამ არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ გვჭირდება ვინმეს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან“, – განაცხადა თურნავამ „პირველი არხის“ ეთერში.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საყურადღებოა იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ, მაგრამ მათი გამონათქვამები არ მოქმედებს ეროვნულ ბანკზე, რადგან ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტია და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღება.
„ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკოსი გვაკრიტიკებდა მანამდეც, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და მერეც გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ არაფერი ამდაგვარი ჩვენზე არ მოქმედებს. გვსიამოვნებს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მშვიდად ვხვდებით ასეთ კრიტიკას. ისევე, როგორც შექება არ გვსიამოვნებს და არ გვჭირდება არავის დაცვა“, - განაცხადა თურნავამ.
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების დაცვას უზრუნველყოფს - ნათია თურნავა >>
მისი თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ ის კიდევ უფრო დარწმუნდა იმაში, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სწორია იყო.
„დღეის გადასახედიდან, რაც ხდება და რასაც ვაკვირდები, იმავე ფარცხალაძის ირგვლივ და ა.შ. კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი; რომ ჩვენ არ დაველოდეთ საკითხების კიდევ უფრო სიღრმეში წასვლას, ამ დებატების უფრო განვითარებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, საქართველო რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული.
„ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული. აქ საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში და სასამართლო პრაქტიკაც არ გაჩნდეს ისეთი, რომელიც ამაში ხელს შეგვიშლის“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, სანქციების პრაქტიკა ახალი რეალობაა, ხვალ და ზეგ არ დასრულდება და უახლოესი წლების განმავლობაში იარსებებს, რაც შეიძლება, გაფართოვდეს, ან შეიცვალოს და ა.შ. სწორედ ამიტომ სანქციების აღსრულების საკითხი თავშივე მოსაგვარებელია.
ნათია თურნავამ ასევე განაცხადა, რომ სანქციების აღსრულების პრაქტიკა განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სანქციების აღსრულება ყველგან ავტომატურად, ერთგვაროვნად და ერთდროულად ვერ და არ ხდება.
„ვსაუბრობ იმავე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, კანადაზე და მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებზე, სადაც კითხვის ნიშანი არ დგას, ეს ქვეყანა აღიარებს თუ არა სანქციებს. პირიქით, ყველაზე ხშირად არიან სანქციების ავტორი, მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობენ, იპოვონ სწორი ბალანსი საერთაშორისო ვალდებულებასა და საკუთარ ეროვნულ, სუვერენულ ფუნქციებსა და კანონმდებლობას შორის“, – განაცხადა თურნავამ.
ნათია თურნავამ სსფ-ის მისიას თავისი სკანდალური გადაწყვეტილების მიზეზები გააცნო>>
ამასთან, მარეგულირებლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან სხვა ქვეყნები ახერხებენ კარგი ბალანსის პოვნას, საქართველომაც ამ ბალანსისკენ გადადგა ნაბიჯი.
მისივე თქმით, არსებობს გამონაკლისები და არსებობს გადაწყვეტილებები, რომ ადამიანი, როგორი სანქცირებულიც არ უნდა იყოს, თუნდაც ჰუმანიტარული მოსაზრებით, არ უნდა იყოს ერთბაშად მოწყვეტილი ყველა საფინანსო სერვისიდან.
სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს.
იმავე დღეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
ზეწოლას ვერ გაუძლეს - ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადადგომაზე>>
ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მარეგულირებლის მითითებით სრულად იცავენ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს და რომ ქვეყანა არასოდეს ყოფილა და არ გახდება ამ სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით და მარეგულირებელი მოქმედებს ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად.
აქართველოს საფინანსო სექტორი ძლიერი და მყარია - ნათია თურნავა>>
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან კოორდინაციის გარეშე მიიღო და მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში თურნავას კანდიდატურა თავის დროზე პარლამენტს დასამტკიცებლად მან წარუდგინა.
თავის მხრივ, თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად იქნებიან დაცული, თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის ზემოქმედების დროს. პრეზიდენტის მოწოდებას თურნავამ „ზეწოლის კლასიკური მაგალითი" უწოდა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი სწორედ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ზეწოლის ფონზე გადადგა.
ყველა ახალი ამბავი
0