ზეწოლას ვერ გაუძლეს - ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადადგომაზე

© Ministry of Economy and Sustainable Developmentნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
გამოწერა
თუმცა, თურნავას თქმით, საბჭოში დარჩნენ სხვა, არანაკლებ პროფესიონალი წევრები.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმა ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას და პოლიტიზებული გადაწყვეტილება მიიღეს თანამდებობის დატოვების შესახებ, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
ოთხშაბათს თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რეგულატორის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, აგრეთვე პრეზიდენტის მრჩეველმა – ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც გააუქმა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ფარცხალაძე რუს-ქართველი ოლიგარქია, რომელიც რუსეთის „დამღუპველ გავლენას" ავრცელებდა საქართველოზე.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ამ ზეწოლის მიმართ. არ ვიცი, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად, ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება. ჩემდა სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა, მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას", – განაცხადა თურნავამ.

თუმცა, როგორც თურნავამ აღნიშნა, საბჭოში სხვა, არანაკლებ პროფესიონალი წევრები დარჩნენ, რომლებიც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან უწყებას.
„პრაქტიკულად, კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია, რაც ახლა ეროვნული ბანკის, საბჭოს ირგვლივ ვითარდება", – განაცხადა თურნავამ.
ამასთან, მისი თქმით, ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას პრობლემები არ შეექმნება.
„ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს", – აღნიშნა თურნავამ.
„ზეწოლის კლასიკური მაგალითი" - თურნავა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდებაზე>>
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო 18 სექტემბერს შეუზღუდა. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
კობახიძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომისკენ მოწოდება ზეწოლაა პრეზიდენტის მხრიდან>>
შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის "მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
სუსი ამერიკისგან მტკიცებულებებს ელოდება: პაპუაშვილი ყოფილი გენპროკურორის სანქცირებაზე>>
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0