ვინ განახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის პორტის მშენებლობაში? დასახელდა ორი პრეტენდენტი

© photo: Sputnik / Stringerანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2023
გამოწერა
საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს ენიჭება.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს კერძო პარტნიორი იქნება ორი უცხოური კომპანიიდან ერთ-ერთი: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია ან ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა კონკურსი კერძო პარტნიორის შესარჩევად და უკვე ივნისში განაცხადი ოთხი კომპანიისგან შევიდა. კონკურსის შემდეგ ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა.

„საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მშენებლობის პროცესის სწორად წარმართვისა და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე, და მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვან კომპანიათა ჯგუფი", – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, კანდიდატების შერჩევის პირობები ისე იყო შედგენილი, რომ ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს პარტნიორი სანდო კომპანია გახდეს.
დავითაშვილმა გაიხსენა ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკული განცხადებები, რომ ანაკლიაში ინვესტიციების ჩადებას არავის მოისურვებს იმ პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება და შედეგად პროექტი ვერ განხორციელდება.
„თუმცა, ჩვენ დავინახეთ საკმაოდ დიდი დაინტერესება მაღალი რეპუტაციის მქონე წამყვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან", – განაცხადა მინისტრმა.
მან დეპუტატებს მთელი პროცესის დეტალები გააცნო: 2022 წელს სახელმწიფომ ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის სანდო და გამოცდილი პარტნიორების შესარჩევად წამყვანი დასავლელი კონსულტანტები დაიქირავა.
უწყებათშორის სამთავრობო კომისიას კონსულტაციას უწევდა სამი კომპანია – ჰოლანდიური Maritime & Transport Business Solutions, Ports Consultants of Roterdam და ამერიკული Squire Patton Boggs. მათი დახმარებით შედგა კანდიდატების შერჩევის პირობები.
Maritime & Transport Business Solutions (MTBS) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საფინანსო, საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში მომუშავე საკონსულტაციო კომპანიაა. იგი უზრუნველყოფს მაღალი დონის საექპერტო მომსახურებას პორტის დაგეგმარებაში, ტრაფიკის პროგნოზირებაში, საკონტეინერო ტერმინალის ტრანზაქციებში და ფინანსების მოზიდვასა და შეფასებაში.
Port Consultants Rotterdam (PCR) არის საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც აქვს საერთაშორისო რეპუტაცია სტრატეგიის, მენეჯმენტის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სფეროებში პორტებსა და ტერმინალებში.
Squire Patton Boggs - საერთაშორისო იურიდიული კომპანიაა.
ანაკლიის პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს პოტენციურ პარტნიორებთან კონსულტაციები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბევრმა კომპანიამ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა, რის შემდეგაც მათ სახელმწიფოსგან გადაეცათ კვლევები და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციები.
საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით სულ ოთხი კომპანია დაინტერესდა. მეორე ეტაპზე მხოლოდ ორი კომპანია გავიდა, რომლებმაც დააკმაყოფილეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
როდის შეარჩევენ ინვესტორს ანაკლიის პორტის პროექტისთვის>>>
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. კონსორციუმმა, თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება არასამართლიანად მიიჩნია და საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლა.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობას იწყებს>>>
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0