საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობას იწყებს

© courtesy of Anaklia Portანაკლია
ანაკლია
 - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2023
გამოწერა
პორტის მშენებლობით რამდენიმე საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოყოს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, „კონსორციუმმა“ მთავრობის გადაწყვეტილება არასწორად მიიჩნია და საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა.
„ძირითადი სამუშაოები იქნება მეტად მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს მომდევნო წელს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, თანხა მას შემდეგ გამოიყოფა, რაც პარლამენტი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს დაამტკიცებს.
რაც შეეხება გამარჯვებულის გამოვლენას, აქ, მინისტრის თქმით, ინტერესი გამოხატული აქვს რამდენიმე კომპანიას.
„ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში მეტი დეტალი იქნება ცნობილი ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ, თუ რამდენი კომპანია გადავა შემდეგ ეტაპზე და რა ვადებში დასრულდება გამარჯვებულის გამოვლენა, ვინც უშუალოდ იქნება ჩართული პორტის მშენებლობაში“, - განაცხადა ხუციშვილმა.
რომელი ქვეყნების ინვესტორები დაინტერესდნენ ანაკლიის პორტის მშენებლობით >>
მანამდე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პორტის მშენებლობის პროექტით სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ, მათ შორის ჩინეთიდან.
დავითაშვილმა დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამოხატავენ ინტერესს ჩინური კომპანიებიც, რომლებიც საკმაოდ აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინური კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში.
ანაკლიის პორტი
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება, დანარჩენი – კერძო პარტნიორის, რომელსაც კვალიფიკაციის კრიტერიუმებიდან და წინადადების პირობებიდან გამომდინარე შეარჩევენ.
2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს. მთავრობის გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
საქართველოს პრემიერი ჩინელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის შესახებ ესაუბრა>>>
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0