რომელი ქვეყნების ინვესტორები დაინტერესდნენ ანაკლიის პორტის მშენებლობით

© photo: Sputnik / Stringerხიდი ანაკლიაში
ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტით სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ, მათ შორის ჩინეთიდან, განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, „კონსორციუმმა“ მთავრობის გადაწყვეტილება არასწორად მიიჩნია და საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა.

„ამ პროცესში დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან. ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან“, – განაცხადა დავითაშვილმა და დაამატა, რომ ჯერ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, ხოლო დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ახლო მომავალში მიეწოდება.

დავითაშვილის თქმით, როდესაც მთავრობამ განაცხადა რომ ანაკლიის განვითარებას იწყებს ახლებური მიდგომით, ოპონენტებმა ეს შეაფასეს როგორც უტოპია, შეუძლებელი, თუმცა დღეს ცალსახად ჩანს ინტერესი წამყვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან სხვადასხვა ქვეყნიდან.
ვიცე-პრემიერის თქმით, საუბარია საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე გამოცდილ კომპანიებზე.
ელჩი: ჩინეთი ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულია >>
დავითაშვილმა დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამოხატავენ ინტერესს ჩინური კომპანიებიც, რომლებიც საკმაოდ აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინური კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში.
დავითაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის შერჩევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს.

„სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში გვექნება პირველი ეტაპის შეფასების დასრულება. ალბათ, შემოდგომით მეორე ეტაპზე გადავალთ, როდესაც მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან. ის კომპანიები, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, პრეტენდენტები იქნებიან, რომლებთანაც უშუალო კონკრეტული ტექნიკური პირობების შეთანხმებას დავიწყებთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ანაკლიის პორტი
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება, დანარჩენი – კერძო პარტნიორის, რომელსაც კვალიფიკაციის კრიტერიუმებიდან და წინადადების პირობებიდან გამომდინარე შეარჩევენ.
2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს. მთავრობის გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
საქართველოს პრემიერი ჩინელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის შესახებ ესაუბრა>>>
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0