გაიზარდა თუ არა ფასები, ანუ რა ნიშნულზე იყო ინფლაცია აგვისტოში?

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2023
გამოწერა
რაზე მიანიშნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რამდენად ხელმისაწვდომია ჩვენში „პური და სანახაობა“, რა უნდა იცოდეს მან, ვისაც არ სურს ცხოვრებას ფხიზელი თვალით უყუროს? აგვისტოს ინფლაციური პროცესების მიმოხილვა.
ჩვენმა მკითხველმა, რომელიც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში მიმდინარე პროცესებით არის დაინტერესებული და ამ თემაზე პუბლიკაციებსაც პერიოდულად ეცნობა, კარგად იცის, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველი თვის მესამე დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ გასული თვის ინფლაციის მონაცემებს აქვეყნებს.
მრავალი წელია, რაც ჩვენში ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა. რაკი მიმდინარე წლის სექტემბრის მესამე დღე უქმე იყო, „საქსტატმა“ აგვისტოს თვის ინფლაციურ პროცესებზე ინფორმაცია 4 სექტემბერს გამოაქვეყნა.
ამთავითვე მოგახსენებთ, სახელისუფლებო გუნდში, ეროვნულ ბანკში, ანალიტიკურ წრეებსა და ავტორიტეტულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში იყო მოლოდინი, რომ ინფლაციის შემცირების ტენდენცია, რომელიც გასული წლის მესამე კვარტლის ბოლოდან გამოიკვეთა, კვლავაც შენარჩუნდებოდა.
თბილისი, მეიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
რას ამბობს სტატისტიკა? ანუ საფინანსო სექტორის ცხელი ზაფხული
„საქსტატის" ინფორმაციით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0,9% შეადგინა. უწყების მონაცემებით, საბაზისო ინფლაცია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,7%-ია. ივლისის თვის ანალოგიური მაჩვენებელი 3,2% იყო.
შეგახსენებთ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის შედეგად 2020 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია გლობალურ პრობლემად იქცა. მართალია, მსოფლიომ გამოწვევას თანდათან ალღო აუღო, თუმცა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, 2021 წლის მარტის თვის ბოლოს საერთაშორისო ბაზრებზე საკვების, ნავთობპროდუქტებისა და ტრანსპორტირების გაძვირებამ ვითარება მკვეთრად გააუარესა. რა თქმა უნდა, ინფლაციური წნეხის გლობალური მასშტაბით ზრდა საქართველოზეც აისახა. 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული გასული წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანა ორნიშნა ინფლაციის პირობებში ცხოვრობდა. დეკემბერში ინფლაციური წნეხი შემცირდა და ორნიშნა ნიშნულს ჩამოსცდა. გასული წლის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 13,9–9,8%-ის ფარგლებში მერყეობდა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ინფლაცია პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი 9,4% იყო, თებერვალში − 8,1%, ხოლო მარტში − 5,3%. აპრილში ინფლაციის დონე თითქმის განახევრდა და 2,7%-ს გაუტოლდა. მაისში კი მაჩვენებელი 1,5%-მდე, ივნისში – 0,6%-მდე, ივლისში კი 0,3%-მდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, წლიურ ჭრილში ინფლაციის მაჩვენებელი 0,6%-ით გაიზარდა, საფინანსო სფეროს ანალიტიკოსები არსებულ ტენდენციას დადებითად აფასებენ. ძნელია, არ დაეთანხმო. თავად განსაჯეთ, თუ გასული წლის იანვარ-აგვისტოში წლიური ინფლაციის საშუალო დონე 12,5% იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ის 3,6%-ია.
თბილისი, მეიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
რას ამბობს სტატისტიკა? ანუ საფინანსო სექტორის ცხელი ზაფხული
რატომ იკლებს ინფლაცია? პასუხი უცვლელია. საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობპროდუქტებისა და სატრანსპორტო გადაზიდვების გაიაფებამ მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციური წნეხი შეარბილა და ხელი შეუწყო პოზიტიური ტენდენციის ჩამოყალიბებას. საქართველოში 2021-2022 წლებში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. რეფინანსირების განაკვეთი 2,5%-ით გაზარდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის 11%-ის ნიშნულზე შეინარჩუნა. ამავე დროს კომერციულ ბანკებსა და, ზოგადად, სესხის გამცემ საფინანსო ინსტიტუტებს მკაცრი საკრედიტო რეგულაციებიც დაუწესდა. შედეგად საფინანსო ბაზარზე ჭარბი ფულის მიმოქცევა შეიზღუდა. საბოლოოდ, საგარეო და საშინაო ფაქტორებმა ინფლაციის შემცირება ჩვენშიც დააჩქარა.
ინფლაციის კლების შედეგად ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 10 მაისიდან მოყოლებული რეფინანსირების განაკვეთი 11%-დან 10,25%-მდე შეამცირა.
საინტერესოა, როგორი იყო აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა თუ მომსახურების ჩამონათვალი.
მიმდინარე წლის აპრილი-ივლისის პერიოდის ანალოგიურად, რეიტინგის სათავეშია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფი, რომელიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ უკვე ზედიზედ მერვე თვეა პირველ ოთხეულშია. აგვისტოში გაძვირების მაჩვენებელი 10,9% იყო. ფასები ძირითადად გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება − 27,9%-ით; პირადი ჰიგიენა − 7,9%-ით. ამავე ჯგუფის ივლისის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 11,1% იყო.
გაზაფხულის მეორე ნახევარი და ზაფხული ტურისტული თვალსაზრისით აქტიური პერიოდია. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ ამ სახელმწიფოებიდან საქართველოში მიგრაციული პროცესები გააქტიურდა. ასე რომ, მოულოდნელი არ უნდა იყოს, ზედიზედ მეხუთე თვეა რეიტინგის მეორე პოზიცია სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ჯგუფმა დაიკავა. წლიურად აგვისტოში ფასები 7,2%-ით გაიზარდა. გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ჯგუფი მუდმივად პირველ სამეულშია, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ეს ჯგუფი რეიტინგს სათავეშიც ედგა. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფის ივლისის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 9,7% იყო.
ეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
რა მოხდა ეროვნულ ბანკში, ანუ გაიაფდა თუ გაძვირდა ლარი?
მალე სასწავლო წელი დაიწყება და გეტყვით, რომ განათლების ჯგუფი, ისევე, როგორც ივლისში, ამჯერადაც რეიტინგის პირველ სამეულშია. არ შეცვლია წლიურ ჭრილში ფასების ზრდის მაჩვენებელიც – იგი 6,9%-ია.
მათთვის, ვისაც უჭირს ცხოვრებას ფხიზელი თვალით უყუროს, საგულისხმო უნდა იყოს, რომ ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფს ფასების ზრდის 5,7%-ით რეიტინგში მეოთხე ადგილი უკავია. ივლისის ანალოგიური მაჩვენებელი 6,3% იყო.
რეიტინგის მეხუთე პოზიცია, ისევე, როგორც ივლისში, ახლაც საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ჯგუფმა დაიკავა. ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 5% შეადგინა. ფასი გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მოვლა და შეკეთება − 11,7% იყო და საცხოვრებელზე ფაქტობრივი გადასახადი − 9,9%. ამ ჯგუფის ივლისის წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4,9% შეადგინა.
ერთი სიტყვით, რეიტინგის პირველი ხუთეული, წინა თვესთან შედარებით, როგორც შემადგენლობით, ასევე დაკავებული პოზიციების თანმიმდევრობით უცვლელია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, რომელიც ივლისში ფასების ზრდის თანაბარი მაჩვენებლით − 1,2%-ით ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფთან ერთად მეექვსე-მეშვიდე პოზიციებს იყოფდა, აგვისტოში მეექვსე ადგილს არავინ ეცილება. ეს პირველი განსხვავებაა, რომელიც ივლის-აგვისტოს რეიტინგებს შორის გვხვდება. დავძენ, რომ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი რეიტინგში, სადაც სულ თორმეტი პოზიციაა, ბოლოა იმ ჯგუფებს შორის, სადაც წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა. ეს არც არის გასაკვირი. ლოგიკურია, რომ ინფლაციის შემცირების პარალელურად თვიდან თვემდე რეიტინგში იკლებს იმ ჯგუფების რაოდენობა, სადაც ფასები იზრდება. თუ ივლისის რეიტინგში ასეთი ჯგუფების რაოდენობა შვიდი იყო, აგვისტოს რეიტინგში ექვსია. შესაბამისად, რეიტინგის მეშვიდე-მეთორმეტე ადგილები იმ ჯგუფებს შორის განაწილდა, სადაც ფასებმა წლიურ ჭრილში კი არ მოიმატა, არამედ დაიკლო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
რა იშოვეს ბანკებმა, ანუ საბანკო სექტორის შუალედური ფინიში
გაიაფებული პროდუქტებისა თუ მომსახურების ჩამონათვალის სათავეში, ივლისის თვის მსგავსად, ტრანსპორტის ჯგუფია. წლიურ ჭრილში ფასები 7,9%-ით გაიაფდა. ფასებმა სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 13,2%-ით დაიკლო, თუმცა სატრანსპორტო მომსახურება 3,8%-ით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა 2,7%-ით გაძვირდა. ტრანსპორტის ჯგუფი რეიტინგში მეშვიდეა.
მომდევნო პოზიცია ფასების შემცირების 7,3%-ით ჯანდაცვის ჯგუფს უკავია, სადაც 17,6%-ით გაიაფდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა, თუმცა ფასები 11,6%-ით გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე, საავადმყოფოების მომსახურება კი 6,4%-ით გაძვირდა. ჯანდაცვის ჯგუფში ფასების შემცირების ივლისის თვის წლიური მაჩვენებელი 6,9% იყო.
კავშირგაბმულობის ჯგუფი, სადაც წლიურ ჭრილში ფასები 2,7%-ით შემცირდა, რეიტინგის მეცხრე ადგილზეა. ივლისის თვეში ფასების შემცირების 3%-ით, ჯგუფს რეიტინგში ბოლოსწინა მეთერთმეტე პოზიცია ეკავა.
რეიტინგის პირველ ათეულს დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფი ხურავს. ჯგუფში ფასები წლიურ ჭრილში 1,5%-ით შემცირდა. ივლისის თვის რეიტინგში ეს ჯგუფი ფასების შემცირების 0,3%-ით ბოლო, მეთორმეტე ადგილზე იყო.
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასებმა, ივლისის მსგავსად, 0,7%-ით დაიკლო, თუმცა, თუ ივლისში ამ მაჩვენებლით ჯგუფს რეიტინგში მერვე ადგილი ეკავა, აგვისტოში ის მეთერთმეტე პოზიციაზეა.
ჩამონათვალში მეთორმეტე პოზიცია ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფმა დაიკავა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გაძვირების 1,2%-ით ივლისის რეიტინგში ჯგუფი მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფდა, აგვისტოში კი ფასების შემცირების 0,6%-ით რეიტინგში იმ ჯგუფებს შორის აღმოჩნდა, სადაც წლიურ ჭრილში ფასებმა დაიკლო.
სტატიის ბოლოს თქვენს ყურადღებას ერთ გარემოებაზე მივაპყრობ: ყველაზე მეტად გაძვირებული და გაიაფებული პროდუქტებისა თუ მომსახურების საერთო ჩამონათვალს თუ კარგად დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ჩვენში პურიც და სანახაობაც ძნელად ხელმისაწვდომი არ არის...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0