რას ამბობს სტატისტიკა? ანუ საფინანსო სექტორის ცხელი ზაფხული

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, მეიდანი
თბილისი, მეიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
ინფლაციური პროცესების, ეროვნული ვალუტის კურსის, ფულადი გზავნილების დინამიკის, საბანკო სექტორის საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელების მიმოხილვა. რა ტენდენციებზე მიანიშნებს სტატისტიკა?
ცელსიუსით მაღალი ტემპერატურითა და შესაბამისად ცხელი დღეებით გამორჩეული აგვისტო თითქმის გაილია. არც ივლისის თვე იყო გრილი − შესაძლოა ბრძანოს მკითხველმა და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. ამ საკითხზე პოლემიკას არ ვაპირებ. რაღა დაგიმალოთ, ვთვლი, რომ გაცილებით საინტერესოა, როგორი იყო ზაფხულის ბოლო თვეები ქვეყნის საფინანსო სისტემისთვის.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში ინფლაცია მახსენდება, მაგრამ აგვისტოს მაჩვენებელი ჯერჯერობით უცნობია. ის, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება. რაც შეეხება ივლისის ინფლაციურ პროცესებს, ამ საკითხზე ადრე დეტალურად ვწერდი და ახლა მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4 პროცენტით დაიკლო და წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0,3 პროცენტი შეადგინა. მკითხველისთვის არახალია, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული დინამიკა ჩვენში დადებითია. ინფლაცია მცირდება. ამ საკითხს უახლოეს დღეებში დავუბრუნდები, როდესაც აგვისტოს ინფლაციურ პროცესებს შევაჯამებ. ამჯერად კი იმის დასტურად, რომ ტენდენცია პოზიტიურია, მოგახსენებთ, თუ გასული წლის პირველ შვიდ თვეში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 12,82 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ის 3,9 პროცენტს შეადგენდა.
გამვლელები მარჯანიშვილის ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
რას ამბობს სტატისტიკა, ანუ მცირდება თუ არა ინფლაცია?
შემდეგი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ეროვნული ვალუტის კურსია. საკამათო არ არის, რომ ლარი მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მეორე კვარტლის ბოლოდან მოყოლებული ის ამერიკული დოლარის მიმართ 2,57–2,63 ლარის ფარგლებში მერყეობს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის კურსის ცვალებადობის დინამიკის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეროვნული ვალუტის ყველაზე მძიმე თავგადასავალი წარსულს ჩაბარდა.
ახლა კი თქვენს ყურადღებას ეროვნული ბანკის მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ რამდენიმე საინტერესო მონაცემზე გავამახვილებ.
მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301,1 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5,0 მილიონი დოლარით ნაკლებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 1,6 პროცენტით შემცირდა.
საინტერესოა, როგორ გამოიყურება ფულადი გზავნილების გეოგრაფია და სტრუქტურა. უცხოეთიდან ფინანსური გზავნილების 96,6 პროცენტი იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ფულადი შემოდინებების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა. საგულისხმოა, რომ იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93,7 პროცენტი მოდიოდა.
ეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
რა მოხდა ეროვნულ ბანკში, ანუ გაიაფდა თუ გაძვირდა ლარი?
ევროკავშირის 10 ქვეყნიდან (იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, პოლონეთი, კვიპროსი, ნიდერლანდი, ბელგია) 115,69 მილიონი დოლარი, ხოლო დანარჩენი 15 ქვეყნიდან კი (რუსეთის ფედერაცია, ყაზახეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, კანადა, ერაყი, იორდანია, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი) 185,37 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. შესაბამისად, ჯამში მთლიან ფულად გზავნილებში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული თანხის წილმა 38,43 პროცენტი შეადგინა. დანარჩენი ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებელი 61,57 პროცენტია. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის 10 ქვეყნიდან შემოსული თანხის მოცულობა წლიურად 26,39 პროცენტით გაიზარდა, დანარჩენი 15 ქვეყნიდან ანალოგიური მაჩვენებელი კი 13,57 პროცენტით არის შემცირებული.
ვნახოთ ფულადი გზავნილების მოცულობის სიდიდის მიხედვით როგორია ქვეყნების პირველი ხუთეული. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა – 73,82 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოიგზავნა, რაც მთლიანი გზავნილების 24,52 პროცენტია. ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 26,61 პროცენტით შემცირდა. წლიურად ფულადი გზავნილების შემცირების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია რეიტინგის სათავეშია. მომდევნო პოზიცია 45,34 მილიონი დოლარის გადმორიცხვით, რაც ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 15,06 პროცენტია, იტალიას უკავია. წლიურად ამ ქვეყნიდან შემოსული თანხის მოცულობა 26,07 პროცენტით გაიზარდა. 40,03 მილიონი დოლარი გადმოირიცხა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ამ მაჩვენებლით ეს ქვეყანა რეიტინგში მესამე ადგილზეა. უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში ამერიკის შეერთებული შტატების წილი 13,29 პროცენტია, ხოლო წლიურ ჭრილში ზრდის მაჩვენებელი 40,14 პროცენტია. მეოთხე პოზიციაზეა საბერძნეთი, საიდანაც 21,64 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 7,19 პროცენტია. წლიურად კი საბერძნეთიდან შემოსული თანხის მოცულობა 12,93 პროცენტით გაიზარდა. ხუთეულშია გერმანია. ამ ქვეყნიდან 20,54 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 6,82 პროცენტია. საინტერესოა, რომ რეიტინგის პირველი ხუთეულის ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილები წლიურად ყველაზე მეტად გერმანიიდან გაიზარდა. მაჩვენებელი 40,32 პროცენტი იყო. ფულადი გზავნილების ორნიშნა მაჩვენებელი კიდევ ისრაელიდან და ყაზახეთიდან ფიქსირდება. შესაბამისად, ამ ორ ქვეყანას რეიტინგის მეექვსე და მეშვიდე პოზიციები უკავიათ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
რა იშოვეს ბანკებმა, ანუ საბანკო სექტორის შუალედური ფინიში
ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,4 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია.
საბანკო სექტორის ივლისის თვის შემოსავლებისა და წმინდა მოგების დაზუსტებული, საბოლოო მაჩვენებლები ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელების ამსახველ მონაცემებს გვთავაზობს.
მიმდინარე წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 463,75 მილიონი ლარით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,42 პროცენტით გაიზარდა და ივლისის თვის ბოლოს 47,79 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული კრედიტების მოცულობა 93,57 მილიონი ლარით, 0,36 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტების მოცულობა 370,18 მილიონი ლარით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,48 პროცენტით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54,47 პროცენტი შეადგინა, შესაბამისად, ივლისის დასაწყისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0,03 პროცენტით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის 47,78 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 989,47 მილიონი ლარით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1,54 პროცენტით მეტია. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 436,54 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი 1,96 პროცენტით გაიზარდა. მოთხოვნამდე დეპოზიტები 552,93 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი 1,28 პროცენტით არის გაზრდილი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისის ბოლოსთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49,36 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0,41 პროცენტით არის გაზრდილი. რაც შეეხება საბანკო დეპოზიტებზე არსებულ სარგებელს, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8,14 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე – 10,79 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1,51 პროცენტი.
დღეისათვის სულ ეს იყო. უახლოეს დღეებში აგვისტოს თვის ინფლაციური პროცესის შეფასებით დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0