ფასი ხარისხზეა დამოკიდებული - შამუგია მეთხილეობის პრობლემებზე

© photo: Sputnik / Sputnik / STRINGERდაზიანებული თხილი
დაზიანებული თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2023
გამოწერა
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო მეთხილეებს აქტიურად ეხმარება ხარისხიანი მოსავლის მოყვანისთვის და ვინც სწორად იზრუნა თავის ბაღებზე, მაღალი ღირებულების პროდუქცია მიიღო, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
თხილის ჩასაბარებელი ფასი სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზი გახდა ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე – დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თათია ნიკოლაიშვილმა სხდომაზე თხილით სავსე პარკი მიიტანა და ხელისუფლებას პროდუქტზე დაბალ ფასში დასდო ბრალი – 1 კგ-ის ფასი არ აღემატება 2 ლარს. ხელისუფლებამ განმარტა, რომ თხილის ფასი საქართველოში ხარისხთან ერთად გაიზრდება, ამჟამად კი ჩასაბარებლად ნაადრევად ჩამოყრილი მოსავალი მიაქვთ, რაც მის ხარისხსა და ფასზე აისახება.

„ვინც მოუარა სწორად, იმას აქვს კარგი მოსავალი. როცა გაქვს ხარისხიანი მოსავალი, იმის ფასი უკეთესია. სახელმწიფო მიმდინარე წელს მიზნობრივად და სწორად დაეხმარა მეთხილე ფერმერებს და საჭიროების შესაბამისად გავაგრძელებთ შემდგომ მხარდაჭერას", – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრის თქმით, თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა, მისი 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
შამუგიამ აღნიშნა დარგის დახმარების მიზნით ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები, კერძოდ, ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან.
უნდა ველოდოთ თუ არა თხილის ფასის ზრდას საქართველოში?>>
„წლების წინ ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით, თუმცა შემდგომ დავიწყეთ პროგრამა და სახელწმიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს ამ მავნებელთან საბრძოლველად. თუმცა ეს საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია თვითონ ფერმერების მიერ მათი ბაღების მოვლა", – განაცხადა შამუგიამ.
დარგის გამოწვევები
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
2021 წელს თხილის ექსპორტის შედეგად შემოსავლებმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
„ჩვენ 2021 წელს გვქონდა კარგი მოსავალი, დაახლოებით 46 ათასი ტონა, შესაბამისად, ექსპორტის მაჩვენებელიც კარგი იყო და ხარისხიც უკეთესი. მაგრამ 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელთა შორის იყო კლიმატური პირობებიც, მოვლა ვერ მოხერხდა და მოსავალიც არ იყო კარგი", – განაცხადა მინისტრმა.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. შამუგიას თქმით, მიზნობრივი პროგრამა ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა.
რა აკლია მეთხილეობას საქართველოში - ექსპერტის მოსაზრება>>
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან სარგებლობაში აქვს 0,2-დან 3 ჰექტრამდე ფართობზე თხილის ბაღი, სახელმწიფოსგან იღებს სუბსიდიას (აგროქულებს) 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით.
ფინანსური დახმარების მისაღებად მეთხილეებს 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა დაერეგისტრირებინათ თავიანთი თხილის პლანტაციები, მოგვიანებით ეს ვადა 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.
შამუგიას განცხადებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი პრეპარატების გამოყენება, რათა ფერმერმა უფრო ხარისხიანი მოსავალი მიიღოს.
რა უშლის ხელს საქართველოდან სურსათის ექსპორტზე გატანას>>
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადგენს თხილის კადასტრს, სადაც მოცემულია ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას აძლევს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, მის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.
საქართველოს ბრძოლის მეთოდი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად აღიარეს მსოფლიოში და ახლა ქვეყანა თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს.
ყველა ახალი ამბავი
0