რა უშლის ხელს საქართველოდან სურსათის ექსპორტზე გატანას

© photo: Sputnik / Stringerატამი
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
საქართველოში ბევრი მცირე მეწარმე და ფერმერია, ამიტომ სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა ძალზე რთულია, მიიჩნევს FAO-ს წარმომადგენელი.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოში სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა ძალიან რთულია და ბევრია გასაკეთებელი პროდუქტების სრულფასოვანი ექსპორტისთვის, განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
საქართველოში წარმოებული სურსათის ექსპორტი სერიოზულ გამოწვევად რჩება ადგილობრივი კომპანიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ბაზარი იზრდება და პროდუქციის ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი ხდება, ექსპორტის შემაკავებელ ძირითად ფაქტორად რჩება სხვადასხვა სტანდარტის დანერგვა, რაც ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებით მოითხოვება.
საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის თქმით, საქართველოში სურსათის წარმოების სექტორში კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მათი ექსპორტი სრულფასოვნად მოხდეს. ეს განსაკუთრებით ეხება მცირე მწარმოებლებს.

„რა თქმა უნდა, საქართველოში არსებობს პროდუქტები, რომლებიც მზად არის ევროპის ბაზარზე გასატანად და გადის კიდევაც, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ძალიან ბევრი მცირე მეწარმე და ფერმერი არსებობს საქართველოში, ამიტომ სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფა ძალიან რთულია", – განაცხადა იელემ.

მისი თქმით, აქ იგულისხმება – რა პესტიციდებს მოიხმარენ ფერმერები, როგორ გადაამუშავებენ ამ სურსათს და ა.შ.
„ამიტომ ეს უნდა მოწესრგიდეს და ამის შემდეგ უფრო განვითარდება იმის შესაძლებლობა, რომ ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე გავიდეს", – განაცხადა მან.
როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სილვილ დომენტემ ამ თემაზე განაცხადა, მთავარი ფაქტორი საკვები პროდუქტების უსაფრთხოებაა. ეს საბაზო სტანდარტია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მოითხოვენ, ამიტომ აუცილებელია, რომ ამ ნორმას ყველა მწარმოებელი მთლიანად მიჰყვეს, აღნიშნა მან.
„პირველ რიგში საჭიროა ჰიგიენური ნორმებიდან დაწყება, და შემდეგ სხვადასხვა სტანდარტის დანერგვა. კვების პროდუქტების უსაფრთხოება ყველასთვის და, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. ამის მოგვარება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის წარმატებით რეალიზაციას", – განაცხადა დომენტემ.
მინისტრი: საქართველოდან სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 2,5-ჯერ გაიზარდა>>
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის თქმით, დასავლურ, ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა სერიოზული გამოწვევაა.
"ჩვენ 2014 წლიდან, ასოცირების შეთანხმებიდან არაერთი ცვლილება განვახორციელეთ საკანონმდებლო სივრცეში, მისი აღსრულებისთვის სააგენტოს მხრიდან ნამდვილად დიდი ძალისხმევაა განხორციელებული… გვაქვს კადრების დანაკლისი, ისევე, როგორც მოსახლეობის და მწარმოებლების მხრიდან ცოდნის და ცნობიერების ნაკლებობა", – განაცხადა წილოსანმა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, HACCP სისტემის დანერგვა, რომელიც უკვე სავალდებულოა, რა თქმა უნდა, გაზრდის სურსათის უვნებლობის სტანდარტებს.
სპეციალური სტანდარტი კვების პროდუქტებზე
კვების პროდუქტების ყველა მწარმოებელი და რეალიზატორი, ასევე გადამამუშავებელი პუნქტი ვალდებული იყო 2023 წლის 1 ივნისამდე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დაენერგა.
HACCP, ანუ Hazard Analysis and Critical Control Points – კონცეფციაა, რომელიც ითვალისწინებს იმ სახიფათო ფაქტორების სისტემატურ იდენტიფიცირებას, შეფასებას და მართვას, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პროდუქციის უსაფრთხოებაზე.
სიახლე შეეხება ბიზნეს-ოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის ობიექტებში მუშაობენ.
გარდა ამისა, HACCP-ს პრინციპები უნდა დაიცვან ბიზნეს-ოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ ან ამუშავებენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს (ხორცი და ხორცპროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული პროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები, კვერცხი, თაფლი).
საქართველოში 1 ივნისიდან კვების პროდუქტებზე სპეციალური სტანდარტი ამოქმედდება>>
ახალი წესის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
2015 წლიდან ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოები და სასაკლაოები ვალდებული არიან იმუშაონ HACCP-ს პრინციპით, 2018 წლიდან მათ დაემატა საექსპორტო თხილის მწარმოებლები.
საქართველოში FAO-ს პროექტების მენეჯერმა მიხეილ სოხაძემ განაცხადა, რომ ეს სტანდარტი იმდენად დაკონკრეტებული და გამარტივებულია მწარმოებლებისთვის, რომ მათ დამატებითი გზების ძიება არ სჭირდებათ. შესაბამისად, ეს მათ ინტერესებშია. მათი საქმიანი ინტერესია, რომ საბოლოოდ მიიღონ სრულიად უვნებელი პროდუქტი რაც შეიძლება მცირე ხარჯებით.
მწარმოებლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ HACCP-ს და სხვა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ბევრ დროსა და ხარჯს მოითხოვს, ეს მათ ექსპორტის პროცესს უმარტივებს, რადგან ისეთ გადახდისუნარიან ქვეყნებში, როგორიც ევროპული ქვეყნებია, მოთხოვნები სურსათის მიმართ უფრო და უფრო მკაცრი ხდება.
ყველა ახალი ამბავი
0