გზავნილები დამაბნეველია - მამუკა მდინარაძე ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებზე

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის უნდა იყოს მზად, ხოლო ევროკომისიაში განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია არა თარიღი, არამედ კანდიდატ ქვეყნებში რეფორმების რეალიზაციის მხარდაჭერა.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ბოლო ორ დღეში გაერთიანების გაფართოებასთან დაკავშირებით გაკეთდა, დამაბნეველია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც უკვე მრავალი წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის უნდა იყოს მზად გაფართოებისთვის. ამავე დროს ევროკომისიის პრეს-მდივნის მოადგილემ დანა სპინანტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დამოკიდებულია წევრობის კრიტერიუმების შესრულებაზე, ამიტომ ევროკომისია ორიენტირებულია არა თარიღზე, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების რეალიზაციის მხარდაჭერაზე.

„ცოტა დამაბნეველიც იყო, რომ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გზავნილებია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან. ამას მნიშვნელობა აქვს იმასთან დაკავშირებით, რამდენად პოზიტიური მოლოდინი უნდა ჰქონდეს არა მარტო საქართველოს. არიან კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც დიდი ხანია, 10 წელზე მეტი დროა გასული, რაც ელოდებიან მოლაპარაკებების დაწყებას და მათთვის ასევე ბუნდოვანი რჩება თარიღი. 2030 წელი ცოტა შორი პერსპექტივაა“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი დრო დასჭირდება ამას.

„საქართველომ, რა დროშიც არ უნდა იყოს ეს გაწერილი – შემჭიდროებულ ვადაში თუ სხვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროპას. ჩვენი გაცხადებული, კონსტიტუციური მიზანი და ქართველი ხალხის სურვილია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
საჭირო იყო მეტი კონკრეტიკა - მმართველი პარტიის ლიდერი შარლ მიშელის განცხადებაზე>>
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების რეალური შანსი გაჩნდა, მმართველი პარტიის ოპონენტებს პანიკა დაეწყოთ.

„ატყდა პანიკა და ორ ჯგუფად გაიყვნენ. ერთი, რომელიც ისევ ცდილობს საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამაზე ააგონ წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის გეგმები; მეორე ჯგუფი ასევე ცდილობს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამაზე ააგოს 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებული გეგმები“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ ორ ჯგუფს აერთიანებს მიზანი, რომ საქართველომ ვერ შეძლოს და ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გეგმები ჩაიშლება.
ერთ-ერთ ჯგუფში აღმოჩნდა ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
მდინარაძის თქმით, გვარამია აღმოჩნდა ჯგუფში, რომელიც შედარებით რაციონალურად და პრაგმატულად ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი წელს ხელისუფლებას ვერ დაამხობს.
მაჭარაშვილი: შარლ მიშელის განცხადება საქართველოში ევროსკეპტიციზმს უწყობს ხელს>>
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას მთავარი ავიწყდება: ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნა ქართველი ხალხის დამსახურებაა, ისევე, როგორც ის, რომ ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ მიდის.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
კობახიძე: ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0