საჭირო იყო მეტი კონკრეტიკა - მმართველი პარტიის ლიდერი შარლ მიშელის განცხადებაზე

© photo : European Unionშარლ მიშელი
შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კონკრეტულად ის ქვეყნები უნდა დაესახელებინა, რომლებსაც 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოება შეეხება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიშელის განცხადების კომენტარისას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს ახალი წევრების მისაღებად 2030 წლისთვის. მისი თქმით, ახალი წევრების ინტეგრაცია ადვილი არ იქნება და მოითხოვს რიგი რეფორმების გატარებას.

„ასე ვიტყოდი, მიშელის განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა თქმა უნდა, კონკრეტული თარიღის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება 2030 წელი, ეს არის საინტერესო", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი მიღებული აქვთ, მაგალითად, 12-18 წლის წინ.

„თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, ეს არის სხვა საქმე. როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მას ჰპირდებიან, რომ 7 წელიწადში იგი შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა", – აღნიშნა კობახიძემ.

პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში დაკონკრეტდება, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, ან ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს>>>
მისი თქმით, საქართველოს აქვს ოპტიმიზმის საფუძველი სტატუსის მიღების მხრივ, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება.

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება", – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება თავიდან ბოლომდე პირნათელი იქნება ევროკავშირის წინაშე.

„2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო, პირველ რიგში იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს", – განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
პაპუაშვილი: ევროკავშირმა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან თანაბარ დონეზე უნდა დააყენოს>>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0