ხელისუფლებისთვის ბრძოლა პალატიდან გამოუსვლელად - სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მომხრეთა აქცია
სააკაშვილის მომხრეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2023
გამოწერა
ექს-პრეზიდენტის წარმომადგენელი მთელი ქვეყნის შემოვლასა და მოსახლეობის პრობლემების მოსმენას აპირებს.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი თავისი წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის დახმარებით ხვალიდან საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, რათა მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს. ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან" გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილება ქართული პოლიტიკიდან წასვლისა და უკან დაბრუნების შესახებ არასრულ ორ წელიწადში რამდენჯერმე შეიცვალა. მან 2022 წელს თავისი ადვოკატების მეშვეობით განაცხადა, რომ აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა და ახლა მთავარი მისი სიცოცხლის გადარჩენაა. მალე მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ უარყო მისი სარჩელი საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, სააკაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა.

„ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას. ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას, თითოეული თქვენგანის პრობლემასა და მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით", – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ წერილის დაწერა მიხეილ სააკაშვილის სახელზე, რომელიც მზადაა, თითოეულ ადამიანს მოუსმინოს.
„თუნდაც დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება. ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას. ვიწყებ მსვლელობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩავალ ყველგან, შევხვდებით ყველას, მოგისმენთ ყველას. ჩვენი მოქალაქეები წერილს მისწერენ მიხეილ სააკაშვილს და არა მხოლოდ წერილობით, სიტყვიერადაც გადასცემენ", – განაცხადა ჯაფარიძემ.
ექს-პრეზიდენტის წარმომადგენელმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს მოუწოდა, ერთ მუშტად შეიკრან, რათა გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადონ.
სააკაშვილის ხელისუფლება სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა - ღარიბაშვილი>>
სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას მან თავგანწირვა უწოდა, რაც პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინებაა. ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის. მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს ქვეყნის თავისუფლებისა და სამშობლოს გადარჩენისთვის", – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში სააკაშვილის უფროსმა ვაჟმა ედუარდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომ ექს-პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც სამშობლოში დაბრუნდა.
მისი თქმით, სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია სამომავლოდ. მის მამას კი, როგორც ჩანს, თავად ესმის, რომ მისი პოლიტიკური მომავალი უფრო შესაძლებელია უკრაინაში, ვიდრე საქართველოში.
პროცესი სააკაშვილის გახმაურებულ საქმეზე შეიძლება გაჭიანურდეს - განხილვა თავიდან დაიწყება>>
ოპოზიციის მოსაზრება
ქართველი ოპოზიციონერები არცთუ დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ექს-პრეზიდენტის სურვილს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში სააკაშვილის სურვილს უპრინციპო და როგორც ქართველი ხალხის, ისე პოლიტიკური პროცესებისთვის დამაზიანებელი უწოდა.
ბოკერიას თქმით, არ შეიძლება ჯერ განაცხადო ადვოკატების მეშვეობით, რომ უკრაინელი ხარ და არ გაინტერესებს ქართული პოლიტიკა, შემდეგ კი ისე მოიქცე, თითქოს ეს განცხადებები არ ყოფილა.
სხვა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არასდროს არ უნდა დაბრუნდეს.
ხელისუფლების მოსაზრება
სააკაშვილის დაბრუნებას აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" ფეიკ-პიარი უწოდეს.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტიკაში რომ დაბრუნდეს, სააკაშვილმა ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაიბრუნოს, რადგანაც ექს-პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა.
„წმინდა წყლის მდარე ფეიკ-პიარია“ - „ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის გეგმები შეაფასეს>>
„სად ბრუნდება? როგორ ბრუნდება?" – განაცხადა მდინარაძემ.
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ორ საქმეზე. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, "ნაცმოძრაობაში" არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
უფრო ადრე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება. ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.
რატომ არ შეიწყალებს ზურაბიშვილი სააკაშვილს - პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა>>
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა "ვივამედშია".
ყველა ახალი ამბავი
0