სააკაშვილის ხელისუფლება სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა - ღარიბაშვილი

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
გამოწერა
პრემიერი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლება ანტიეროვნული ხელისუფლება იყო, რომელიც საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა და რომელმაც ქვეყანას უღალატა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთ იხსენებენ. ტრადიციულად ამ დღეს პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ყვავილებით ამკობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა საფლავებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

„ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება იყო, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის, ქვეყნის დაცვაზე. ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

განცხადება ამის შესახებ პრემიერმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა. მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო დაღუპულ სამხედროებს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. ვიცი რა ის ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა“, – განაცხადა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპული გმირების ოჯახებს.

„მინდა, პირველ რიგში, ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო კიდევ ერთხელ ჩვენს დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, მათ ოჯახებს მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ღრმა სამძიმარი. ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს, ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ხალხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ომმა მძიმე შედეგები გამოიღო – დაიღუპა 400-ზე მეტი ადამიანი და 2 ათასზე მეტი დაიჭრა.

„პატარა ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა მთელ იმ პროვოკაციებს, რომლებიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. მჯერა, ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ოპოზიცია პირადი კეთილდღეობის გარდა არაფერზე ფიქრობს.

„კარგად მოგეხსენებათ უკვე ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა, როგორ იქცეოდნენ და იქცევიან. ახლაც აცხადებენ, რომ კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს, დაიწყებენ ომს. ეს მათი ხელწერაა. ისინი არაფერზე ფიქრობენ, გარდა პირადი კეთილდღეობისა. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს.

„ჩვენ მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, მწამს, ჩვენ ყოველდღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანების ერთგული რჩება>>
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
აგვისტოს ომს საქართველოში 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ყველა ახალი ამბავი
0